საგამოძიებო სამსახური გალფში

საგამოძიებო სამსახურმა "გალფის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანია "გალფის" წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო სამსახური კომპანიაში გასული კვირის დასაწყისში შევიდა.

"კომპანიაში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები 218-ე მუხლით. ეს არის გადასახადებისგან თავის არიდება. სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განუცხადეს ტაბულას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.

ტაბულა დაუკავშირდა კომპანია "გალფს", სადაც განგვიცხადეს, რომ კომპანია საგამოძიებო სამსახურთან ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობს, თუმცა, გადასახადებისგან თავის არიდებაზე საუბარი არ ჰქონიათ.

"ვერ გეტყვით. მე თვითონ არ ვიცი ამ კონკრეტული მუხლის თაობაზე ინფორმაცია. წავა გამოძიება და ვნახავთ, რა როგორ იქნება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შემოვიდა, მოითხოვეს საბუთები და ჩვენ გადავეცით. ყოველდღიურ რეჟიმში ვთანამშრომლობთ. თუმცა, რომ გვედავებიან, ამაზე არ ყოფილა საუბარი", - განგვიცხადეს "გალფში".

კომენტარები