ნედლეული

პრემიერის შეფასებით, ნავთობპროდუქტების შუამავალი კომპანიები კანონს არღვევენ

0 კომენტარი
ფოტო: facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა მომხმარებლის ინტერესებს დაიცავს, რადგანაც ნავთობის ბაზარზე კომპანიები არღვევენ კონკურენციის შესახებ კანონს. ღარიბაშვილი საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოდგენილ კვლევასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კომპანიები და ნავთობის შუამავალი ფირმები კონკურენციის შესახებ კანონს არღვევენ. პრემიერმინისტრმა კონკურენციის სააგენტოს ნავთობის ბაზრის კვლევის ჩატარება გასულ წელს დაავალა. პრემიერის შეფასებით, ბაზარზე დღეს არსებული ფასები ნავთობის ფასების საერთაშორისო კლებას არ ასახავს. 

კონკურენციის სააგენტოში ტაბულას განუცხადეს, რომ ამ დროისთვის ნავთობის ბაზრის კვლევის შუალედური ანგარიში მედიისთვის დახურულია, რადგანაც ის კომერციულ საიდუმლოებებს შეიცავს. სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, კვლევის დასრულების შემდეგ ის გასაჯაროვდება. კონკურენციის სააგენტო ქართული ნავთობის ბაზარს ნოემბრის თვიდან სწავლობს.

საერთაშორისო ნავთობის ფასების ბარომეტრის 26 იანვრის კვლევის მიხედვით, სამომხმარებლო ბაზარზე ერთი ლიტრი ბენზინი $0,94 ღირს, რაც საქართველოს სამეზობლოში არსებული ქვეყნების - თურქეთისა და სომხეთის ბაზარზე არსებული ნავთობის ფასზე ნაკლებია. სომხეთის ბაზარზე ერთი ლიტრი ბენზინი $1,14, ხოლო თურქეთის ბაზარზე $1,74 ღირს, რაც ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ფასს წარმოადგენს. რუსეთში ერთი ლიტრი ბენზინი $0,53 ცენტი ღირს, რაც რუბლის გაუფასურებას უკავშირდება, გაუფასურებული რუბლის პირობებში ადგილობრივმა ნავთობკომპანიებმა საწვავის ფასები მნიშვნელოვნად არ გაზარდეს. მსოფლიოს ქვეყნებში კი საშუალოდ ერთი ლიტრი ბენზინი $1,04 ღირს. მსოფლიოს ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასის 50%-იანმა კლება სამომხმარებლო ბაზარზე საწვავის საშუალოდ 30%-იანი კლება გამოიწვია. ქართულ ბაზარზეც საწვავის ფასი საშუალოდ 25-30%-ით შემცირდა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით კი, ეს კლება არასაკმარისია. 

"მიუხედავად იმისა, რომ რეგულარზე შემცირდა დაახლოებით 35 თეთრით, თუ არ ვცდები. გარდა ამისა, არაერთგზის დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახეობის ნავთობპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა და ეს არის პირდაპირ კონკურენციის კანონის დარღვევა.

კერძოდ, ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, "დ" ქვეპუნქტის მიხედვით. ეს ითვალისწინებს, რომ აკრძალულია გარკვეული სავაჭრო პარტნიორების მიმართ იდენტურ ტრანზაქციებზე განსხვავებული ან დისკრიმინაციული პირობების გამოყენება. მე მინდა, გითხრათ, რომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ გრძელდება ამ საკითხის სიღრმისეული კვლევა და მე მინდა, დავარწმუნო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ჩვენი მომხმარებლები, რომ წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ხელისუფლება გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს და კანონის ფარგლებში დავიცავთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებს", - თქვა ღარიბაშვილმა.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ გაავრცელა ჩანაწერი, როდესაც ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ 112-ში დარეკა (აუდიო)

კომენტარები