ტელეკომპანია მაესტრო

მაესტრო: გიორგი კანდელაკის განცხადება ევროსაბჭოში არის ტყუილი

ტელეკომპანია მაესტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ის ევროსაბჭოში, 29 იანვარს, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილს უწოდებს.

"ტელეკომპანია "მაესტრო" ეხმაურება ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიორგი კანდელაკის, გამოსვლას ევროსაბჭოში 29 იანვარს. საუბარია მედიის თავისუფლების შესახებ დებატების იმ ნაწილზე, სადაც კანდელაკმა განაცხადა, რომ გასული წლის 22 დეკემბერს „მაესტრო" თანამშრომელთა ნაწილმა იმ მოტივით დატოვა, თითქოს „მაესტროს" სარედაქციო დამოუკიდებლობაში რეგულარულად ერეოდა მთავრობის კანცელარიის წარმომადგენელი.

ტელეკომპანია "მაესტრო" აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, ნუ გამოიყენებენ მედიაში მიმდინარე პროცესებს საკუთარი პოლიტიკური ინტერესისთვის.

ტელეკომპანია "მაესტრო" მზად არის, დაინტერესების შემთხვევაში ითანამშრომლოს ევროსაბჭოსთან, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მიაწოდოს მათ ზუსტი ინფორმაცია მედიაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

ტელეკომპანია "მაესტრო" იმედოვნებს, რომ ევროსაბჭო დასკვნებს მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით არ გამოიტანს. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გამოსვლას „მაესტროს" საინფორმაციო მიმართულების უკვე ყოფილი ხელმძღვანელიც გაემიჯნა", - ნათქვამია მაესტროს განცხადებაში.

კომენტარები