უცხოელებზე მიწის მიყიდვის რეგულაციები

ქართული მიწის საყიდლად უცხოელებს კომლში შესვლა ან დაქორწინება მოუწევთ

www.radiotavisupleba.ge

საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებმა უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენასთან დაკავშირებული რეგულაციების დაბალანსებული მოდელი შეიმუშავეს - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.

სამინისტრო ამბობს, რომ აღნიშნული მოდელი, ერთი მხრივ, შეესაბამება საქართველოს, როგორც მცირემიწიანი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ხოლო მეორე მხრივ, იცავს უცხოელი ინვესტორების უფლებებს და ამასთან, ემსახურება ეროვნულ ინტერესს, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისათვის მიმზიდველი ქვეყანა იყოს.

"ცვლილებების თანახმად:

  • უცხოელ ფიზიკურ პირებს შეეძლებათ, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე საკუთრება შეიძინონ მემკვიდრეობის, საქართველოს მოქალაქესთან ქორწინების ან ქართულ კომლში წევრად შესვლის გზით. განქორწინების ან კომლიდან გასვლის შემთხვევაში უცხოელს წარმოეშობა ვალდებულება 6 თვის ვადაში გაასხვისოს მიწის ნაკვეთი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მიწის ნაკვეთი ჩამოერთმევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამასთან ყოფილ მეუღლეს ან კომლის სხვა წევრებს აქვთ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება.
  • ყველა სხვა შემთხვევაში, მიწაზე საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უცხოელს აქვს საქართველოში ბინადრობის ნებართვა და თუ შესაძენი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი არანაკლებ 5 ჰექტარია. ამასთან, უცხოელის საკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 20 ჰექტარს.
  • კანონში ჩნდება დათქმა, რომ საქართველოში უცხოელის მონაწილეობით დაფუძნებულ ან მოქმედ იურიდიულ პირს შეუძლია, საკუთრებაში შეიძინოს არანაკლებ 20 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, ხოლო მის საკუთრებაში არსებული მიწის საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს 200 ჰექტარს; ოღონდ ასეთი შეზღუდვა არ ვრცელდება საქართველოს კომერციულ ბანკებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებზე.
  • ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, განსაკუთრებულ შემთხვევებში, რომლებიც განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შექმნილი საბჭოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, უცხოელს და მისი მონაწილეობით შექმნილ იურიდიულ პირს შეუძლიათ, შეიძინონ და საკუთრებაში იქონიონ სასოფლო-სამეურნეო მიწა ზემოთ აღნიშნული ზღვრული ოდენობების გარეშეც.
  • მიწის გასხვისება უცხოელ ფიზიკურ პირზე ვერ მოხდება საქართველოს საზღვრის მიმდებარე 5-კილომეტრიან ზოლში და მთავრობის მიერ დადგენილ შესაბამის სასაზღვრო ზონაში.
  • იზრდება ნოტარიუსის როლი, რომელიც უცხოელ და ქართველ კერძო პირებს შორის სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ტრანზაქციების სავალდებულო სანოტარო დამოწმებას განახორციელებს და შეამოწმებს ახალი კანონით დადგენილი ახალი პირობების შესრულებას როგორც მიწის გამყიდველის, ისე მისი მყიდველის მხრიდან.
  • უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში შეძენის პირობების განსაზღვრაზე იუსტიციის სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა. პროცესში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები და აგრარული სექტორის ექსპერტები", - ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, რომ ახალი რეგულაციები ემსახურება იმას, რომ უცხოელებმა მხოლოდ მაშინ იყიდონ მიწა, როცა ინვესტიცია შემოაქვთ.

"აქამდე უცხოელს სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა უსაზღვრო ოდენობით და ნებისმიერი მიზნით შეეძლო და დღესაც შეუძლია. პარლამენტმა ამ საკითხის მოსაგვარებლად დროებით გამოაცხადა მორატორიუმი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა და დღეს ჰექტრობით მიწა უსისტემოდ შეიძლება გაიყიდოს უცხოელებზე. ეკონომიკის სამინისტროსთან ჩვენი ერთობლივი პროექტი მიზნად ისახავს მიწის უცხოელზე გაყიდვის არა ბრმად აკრძალვას, არამედ შესაბამისი პირობების დაწესებას იმისათვის, რომ უცხოელებმა პირადი მიზნებისათვის კი არ იყიდონ ქართული მიწა, ან, უბრალოდ, უმიზნოდ იყიდონ, არამედ იყიდონ მხოლოდ მაშინ, როცა ინვესტიცია შემოაქვთ და ამით მონაწილეობენ ქართული ეკონომიკის აღორძინებაში. ამასთან, მისასალმებელია, რომ უცხოელს მემკვიდრეობით შეეძლება მიწის მიღება, რადგან ბევრი ქართველი დღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეა და თუ მათ არ მივეცით ბებია-ბაბუის მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლება, ეს ჩვენივე ქვეყნისთვის საზიანო იქნება", - აცხადებს წულუკიანი.

შეგახსენებთ, რომ წინა წლის ივნისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ 2013 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც, უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში დაფუძნებულ იურიდიულ პირებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდათ, არაკონსტიტუციურად ცნო.

2013 წლის 28 ივნისის კანონით ცვლილებები შევიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის მიხედვითაც 2014 წლის 31 დეკემბრამდე შეჩრებულიყო რიგი ფიზიკური პირებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწების შეძენის უფლება.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერმა მიმართა. სარჩელის მომზადებაში მონაწილეობას იღებდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) იურისტთა გუნდი. პროცესი რამდენიმე თვე გრძელდებოდა და სასამართლომ ნორმა ძალადაკარგულად ცნო.

 

კომენტარები