კრიზისი უკრაინაში

ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტი არ განიხილეს

მინსკში მიღწეული შეთანხმების შემდეგ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი ლიდერებმა აღარ განიხილეს. თუმცა, მათი განმარტებით, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში ევროკომისია სანქციების მომდევნო ტალღას შეიმუშავებს. ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან კლოდ იუნკერის განმარტებით, სამიტზე დაიგეგმა სამმხრივი მოლაპარაკებების განახლება უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების თაობაზე.

"ვიტოვებთ შესაძლებლობას, რომ მინსკის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩვენ ახალ შეზღუდვებს დავაწესებთ. უკვე მიღებული სანქციების მოხსნა მხოლოდ იმ შეთხვევაში განიხილება, თუ აღარ იარსებებს ის პირობები, რის გამოც სანქციებამდე მივედით", - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.

"რუსეთი ჯერ კიდევ არ ასრულებს პირობებს, რომ მას ვერტმფრენმზიდის ტიპის მისტრალი გადავცეთ. თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემუშავდება", - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა.

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს თქმით კი, "მინსკის შეთანხმების ხელმოწერის წუთიდან პრორუსმა სეპარატისტებმა გააძლიერეს სამხედრო მოქმედებები, ისინი დაბალცევოსთან არიან კონცეტრირებულები, სადაც ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავენ ხაზს. ცეცხლი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, რადგან მას უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან. გუშინ ნატო-ზე საუბარი პუტინთან არ ყოფილა, მე ვენდობი ევროპელ ლიდერებს. პუტინის მიმართ კი ამგვარი ნდობა არ მაქვს. თუ მინსკის შეთანხმება დაირღვევა, ეს შემდგომი სანქციების მიზეზი გახდება".

მინსკში მიღწეული შეთანხმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ შეაფასა. ფსაკის განცხადებით, შეერთებული შტატები მზად არის, საჭიროების შემთხვევაში რუსეთს ახალი სანქციები დააკისროს. მინსკის შეთანხმებას ოპტიმისტურად აფასებენ თეთრ სახლში და მოუწოდებენ რუსეთს კონფლიქტის ზონიდან შეიარაღების გაყვანისკენ.

"თუ შეთანხმება არ შესრულდება, ის მხოლოდ ფურცელზე დაწერილი იქნება. ამ დრომდე რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები შეთანხმებულ პუნქტებს არ ასრულებდნენ. ასევე გვქონდა საუბარი ევროპელ პარტნიორებთან იმ ნაბიჯებზე, რაც შეიძლება მომავალში გადაიდგას და ძალაში ვტოვებთ ყველა რესურს, რისი გამოყენების საჭიროებაც შეიძლება დადგეს", - თქვა ფსაკიმ.

ბრიუსელში ევროსაბჭოს სამიტის პარალელურად, დებალცევოში რუსული სამხედროების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ეროვნული დეპუტატის დმიტრი ტიმჩუკის ინფორმაციით, ბოევიკები დებალცევოს რაიონზე შეტევას განაგრძობდნენ. ლუგანსკში 12 და 13 თებერვალს ბოევიკების მხრიდან საარტილერიო სროლების შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა. მინსკის მოლაპარაკებების ფონზე პრორუსმა სეპარატისტებმა 70-ჯერ მიიტანეს იერიში უკრაინულ პოზიციებზე.  

კომენტარები