მსოფლიო მშვიდობის ინდექსი

შსს-მ უსაფრთხოების კუთხით IEP-ის კვლევის პირველწყარო ვერ მოგვაწოდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე საკუთარ Facebook-ზე ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის უსაფრთხოების კუთხით მე-6 ადგილზეა. თალაკვაძე ეყრდნობა Press Cave-ზე გამოქვეყნებულ ბლოგს, რომელიც, თავის მხრივ, წყაროდ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ასახელებს. 

"IEP-ის ანგარიშზე ამერიკული ინტერნეტ-ჟურნალი "Press Cave" წერს, რომ საქართველო #6 ადგილზე დასახელდა ქუჩებში დღისით და ღამით უსაფრთხო გადაადგილების, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის დაბალი ნიშნულის, ტერორიზმის დაბალი გავრცელების, ასევე ეროვნული ნაკრძალების, მთიანი კურორტების და UNESCO-ს მიერ აღიარებული კულტურული ძეგლების გამო" - წერს თალაკვაძე.

პირველწყაროს მოსაძიებლად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მინისტრის მოადგილე ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნო. ტურიზმის დეპარტამენტში კი განგვიმარტეს, რომ ტურისტებისთვის სასარგებლო ინფორმაციას ადმინისტრაციის Facebook-ის გვერდზე აქვეყნებენ და პირველწყაროსთან მათ კავშირი არ აქვთ. 

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) კვლევის მიხედვით მსოფლიო მშვიდობის ინდექსში 2014 წელს საქართველო ასეულშიც ვერ ხვდება და 111-ე ადგილს იკავებს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ბელორუსი, მოლდოვა, თურქმენეთი, სომხეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი რეიტინგში საქართველოს უსწრებენ. 2012 წელს საქართველო რეიტინგში 137-ე ადგილზე იყო, 2013-ში კი 139-ე ადგილს კავებდა. ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მსოფლიოში მშვიდობის ინდექსი ქვეყნებში "ეროვნულ სიმშვიდეს" სხვადასხვა ინდიკატორებით ზომავს, მათ შორის მილიტარისტული ხარჯების, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისა და საპატიმრო დაწესებულებებში მყოფი მოსახლეობის პროცენტის მონაცემების მიხედვით. 

კომენტარები