რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

აბაშიძე: NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენთან განთავსების გეგმა არ არსებობს

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, NATO-სთან თანამშრომლობა არ არის მიმართული იმისკენ, რომ საქართველოში ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურა განთავსდეს. როგორც მან აღნიშნა, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. აბაშიძის თქმითვე, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც და თბილისშიც იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში, დღის წესრიგში არ დგას. აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, თუ NATO საქართველოს ალიანსში "ჩათრევისთვის" პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, "რუსეთი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა ამ პროცესებმა მდგომარეობაზე ნეგატიურად არ იმოქმედოს".

"რაც შეეხება ბატონ ლავროვის კომენტარს საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებ - მოგეხსენებათ, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ მას აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის NATO-სთან, რომელიც გახლავთ მეტად ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია. ეს თანამშრომლობა არანაირად არ არის მომართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს სამხედრო ინფრასტრუქტურა. ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო საერთოდ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას. რეგიონულ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს საფრთხეს უქმნის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, აქ რუსეთის სამხედრო ჯარების, სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება. სხვათა შორის, უკრაინაში დრამატული მოვლენების დაწყებამდე მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამაში რუსეთი საკმაოდ მჭიდროდ თანამშრომლობდა NATO-სთან, მათ შორის საერთაშორისო ოპერაციების ფარგლებში, ავღანეთი მაქვს მხედველობაში. ზოგადად, ბრიუსელშიც, მოსკოვშიც, თბილისშიც კარგად იციან, რომ დღეს და ხვალ საქართველოს გაწევრიანება NATO-ში დღის წესრიგში არ დგას. ბატონ კარასინთან საუბრის თემა ჩვენი ურთიერთობა მესამე ქვეყნებთან ან საერთაშორისო ორგანიზაციებთან არ არის. დღის წესრიგში ჩვენ იქ სხვა თემატიკა გვაქვს. ჩვენ ამ თემებზე ამ ფორმატში არასდროს არ ვსაუბრობთ, თუმცა მას შეუძლია გააკეთოს ნებისმიერი განცხადება და მოვუსმენთ", - განაცხადა აბაშიძემ.

კომენტარები