ირაკლი კობახიძე

ნადირაშვილი: ირაკლი კობახიძე შსს-ში მუშაობდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ნადირაშვილი თვლის, რომ ხელისუფლებამ შსს თავისი პარტიული აქტივისტების, მეგობრების, ნათესავების დასასაქმებელ ადგილად აქცია.

"ჩვენ არავის არ გვქონდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ჩვენ მოგვაწოდეს დოკუმენტები, რომ ის იყო გაფორმებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო დეპარტამენტში და 2013-2014 წლის ბოლომდე ის ხელფასს იღებდა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

წარმოდგენილი ხელფასების ნუსხიდან დასტურდება, რომ ირაკლი კობახიძეს თავიდან ჰქონდა 1250 ლარი, შემდეგ მისი სახელფასო განაკვეთი გაიზარდა და გახდა 1500 ლარი, ხოლო 2014 წელს ის შინაგან საქმეთა სამინისტროში იღებდა 2000 ლარს.

საზოგადოებამ არ იცოდა, რომ ირაკლი კობახიძე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ იმის ნაცვლად, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდეს თავის მოვალეობას, იცავდეს ქვეყანაში წესრიგს, ებრძოდეს კრიმინალს, რაც მათ საერთოდ არ გამოსდით, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებამ ეს სამინისტრო აქცია თავისი პარტიული აქტივისტების, მეგობრების, ნათესავების დასასაქმებელ ადგილად, რასაც ვთვლით, რომ ნამდვილად აღმაშფოთებელი ფაქტია.

ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა მივმართოთ პროკურატურას, ვინ არის თავშეყრილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რატომ იღებენ ეს ადამიანები ხელფასს და რატომ ხდება მათი დაფინანსება ბიუჯეტის ფულიდან", - თქვა ნადირაშვილმა.

კომენტარები