რუსული სამხედრო მანქანები საქართველოში

ენმ: რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კადრებს ასაჯაროებს, სადაც აღბეჭდილია რუსული სამხედრო მანქანა რუსული სანომრე ნიშნებით, რომელიც სენაკის ტერიტორიაზე რეზერვისტთა სამხედრო ბაზის მიმართულებით გადაადგილდებოდა. პარტიის წევრ ნუგზარ წიკლაურის თქმით, "მთავრობის აბსურდული განცხადებები, რომ ეს მანქანები ჩამოყვანილია სათადარიგო ნაწილებად დაშლის მიზნით, თვალებში ნაცრის შეყრაა ქართული საზოგადოებისათვის". ენმ თავდაცვის მინისტრისგან მოითხოვს, განუმარტოს საქართველოს მოსახლეობას, რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე.

"კადრებზე აღბეჭდილია რუსული სამხედრო მანქანა, რუსი მძღოლით და რუსული სანომრე ნიშნებით, რომელიც გადაადგილდებოდა სენაკის ტერიტორიაზე რეზერვისტთა სამხედრო ბაზის მიმართულებით. რუსმა მძღოლმა პირდაპირ ჰკითხა მოქალაქეებს, თუ სად მდებარეობს ეს სამხედრო ბაზა და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელა სვლა.

საგულისხმოა, რომ საპატრულო მანქანა, რომელიც რუსულნომრიან მანქანას შეხვდა, არც კი დაინტერესებულა, თუ რა მიზნით გადაადგილდებოდა ეს მანქანა და არც კი უკითხავს მისი იქ ყოფნის მიზანი.

ფაქტია, რომ ოკუპანტი სამხედრო ძალები უკვე უკონტროლოდ გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ამას გუშინ გავრცელებული ფოტოებიც ადასტურებს, ასევე ინფორმაცია, რომ რუსული სამხედრო მანქანები დარიალის ხეობაში გადაადგილდებოდნენ.

გუშინ და დღეს ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ მთავრობის აბსურდული განცხადებები, რომ ეს მანქანები ჩამოყვანილია სათადარიგო ნაწილებად დაშლის მიზნით, რაც პირდაპირ თვალებში ნაცრის შეყრაა ქართული საზოგადოებისათვის.

მოვითხოვთ თავდაცვის მინისტრ ჯანელიძისაგან, გამოვიდეს და მკაფიოდ განუმარტოს ქართულ საზოგადოებას, თუ რა მიზნით გადაადგილდებიან რუსული სამხედრო მანქანები საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ვიცით თავდაცვის მინისტრის დამოკიდებულება რუსების მიმართ, თუ როგორ აწინაურებს იგი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე იმ ადამიანებს, რომლებიც შემჩნეულნი არიან რუსებთან ძალიან ახლო ურთიერთობებში და მისგან მოვითხოვთ, განმარტოს თუ რა შეიცვალა საქართველოში. არის თუ არა ეს ის, რომ უკვე ოკუპანტ ქვეყანას მიცემული აქვს უფლება, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს კონტროლი და ეს კონტროლი განახორციელოს ცინიკურად ისე, რომ ყველა ამას ხედავს", - თქვა წიკლაურმა.

კომენტარები