აბაშიძე-კარასინის ფორმატი

გაბაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გოკა გაბაშვილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული და ახმოვანებს იმ პოზიციას, რასაც წლების განმავლობაში საქართველოსგან რუსები ითხოვენ.

"ეს ფორმატი იქცა საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ფორმატად. ეს ფორმატი იქცა ფორმატად, რომლითაც მთავრობა, პრაქტიკულად, ოფიციალურად ახმოვანებს იმ პოზიციას, რასაც წლების განმავლობაში საქართველოსგან ითხოვენ რუსები. ეს არის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობამ გამოთქვა უკვე აღმაშფოთებელი პოზიციები, რომ საქართველო არ არის უახლოეს პერიოდში ორიენტირებული NATO-ს წევრობაზე; გამოთქვა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პირდაპირი დიალოგი უნდა ვაწარმოოთ სეპარატისტებთან და არა ერთადერთ ფორმატად დავტოვოთ ოკუპანტთან საუბარი ჟენევის ფორმატში და ა.შ.", - თქვა გაბაშვილმა.

პრაღაში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა დაიწყო. როგორც გრიგორი კარასინმა განაცხადა, შეხვედრაზე აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა არა დეტალურად, რადგან, მისი თქმით, ეს საკითხი აფხაზური მხარის მონაწილეობით უნდა იქნას განხილული.

პრაღაში დღევანდელი შეხვედრა ოთხთვიანი პაუზის შემდეგ იმართება.

კომენტარები