კრიზისი უკრაინაში

ლავროვი: აშშ და ევროკავშირი ისტერიული განწყობის შექმნას ცდილობენ

სერგეი ლავროვი
http://www.dailystar.com.lb/

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეერთებული შტატების და კიევის პოზიციით უკმაყოფილება გამოთქვა. სერგეი ლავროვის თქმით, მძიმე შეიარაღების გაყვანისთვის კიევის მიერ წაყენებული წინაპირობა ცეცხლის სრულად შეწყვეტის თაობაზე არასერიოზულია.

"ამ განცხადებების უკან ჩანს, რომ გარკვეულ პირებს, შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს არ აქვთ სურვილი, მინსკის შეთანხმება შესრულდეს. ისინი ისტერიული განწყობის შექმნას ცდილობენ, რათა შეთანხმების შესრულების აუცილებლობიდან გადაიტანონ ყურადღება. ყველას კარგად ესმის, რომ არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის იდეალური რეჟიმი. ეს მხოლოდ საბაბია მათთვის, ვისაც სურს თქვას, რომ შეთანხმება არ მუშაობს", - განაცხადა ლავროვმა.

როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, შესაძლოა, რუსეთს ახალი სანქციები უახლოეს პერიოდში დაუწესდეს. მისი თქმით, რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებას არ ასრულებს და თუ ასე გაგრძელდა, ამას შესაბამისი პასუხი მოჰყვება.

"აშკარაა, ის რაც მოხდა დებალცევოში, ბრძოლის გაგრძელებაა და დარღევევას წარმოადგენს. მინსკის შეთანხმება მრავალჯერ დაირღვა. ახლა უნდა შევაფასოთ, ექნება თუ არა ადგილი დაძაბულობის შემცირებას. თუ მარიუპოლთან ან სხვა ადგილას სიტუაცია გართულდება, ამას გაცილებით მნიშვნელოვანი პასუხი მოჰყვება", - თქვა კერიმ. 

უკრაინაში ღამემ შედარებით მშვიდად ჩაიარა. სროლა შუაღამემდე დონეცკის მახლობლად ისმოდა. უკრაინელ მებრძოლებს შორის არავინ დაღუპულა. სეპარატისტების განცხადებით, მათ გამყოფი ხაზიდან ტექნიკის გაყვანა დაასრულეს. თუმცა, კიევი ჯერჯერობით ამ ფაქტს არ ადასტურებს.

კომენტარები