ბორის ნემცოვის მკვლელობა

კერი: შოკირებული ვარ ნემცოვის სასტიკი მკვლელობის გამო

NATO

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსი ოპოზიციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო განცხადებას ავრცელებს და რუსეთის ხელისუფლებას საქმის სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

"შოკირებული ვარ და დამამწუხრა მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის ბორის ნემცოვის სასტიკი მკვლელობის ამბავმა. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფრო დემოკრატიული, აყვავებული და ღია რუსეთის მშენებლობას. ასევე, რუსეთსა და მის მეზობლებს, პარტნიორებს შორის, ძლიერ ურთიერთობებს. მათ შორის, შეერთებულ შტატებთან. ის ქვეყანას ემსახურა როგორც მთავრობის წევრი, პარლამენტარი, ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი, პოლიტიკური ლიდერი და აქტივისტი. ყველა პოსტზე, ის ცდილობდა რუსეთის გახსნას და რეფორმირებას. უნდოდა, რომ რუს ხალხს ჰქონოდა უფრო მეტი ძალაუფლება ქვეყნის ცხოვრებაში. ის ძალიან დააკლდება რუსეთს და მთელ მსოფლიოს. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ხელისუფლებას, იმოქმედოს სწრაფად, გამოიძიოს საქმე და დააყენოს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი. ჩვენი ფიქრებით რუს ხალხთან, ბატონ ნემცოვის ოჯახთან და მეგობრებთან ვართ, ვგლოვობთ მის დაკარგვას" - ნათქვამია კერის განცხადებაში.

ცნობილი რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი 27 თებერვალს საღამოს მოკლეს. 55 წლის ბორის ნემცოვს მოსკოვის ცენტრში, კრემლთან ახლოს ზურგში ოთხჯერ ესროლეს. პოლიტიკოსი ქალბატონთან ერთად სეირნობდა, როდესაც რამდენიმე თავდამსხმელი მანქანიდან გადმოვიდა და მას ესროლა.

აღსანიშნავია, რომ როგორც 15 თებერვალს ნემცოვმა sobesednik.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, მას ეშინოდა, რომ პუტინი მოკლავდა.

"ყოველ ჯერზე, როდესაც დედას ვურეკავ, ის მეუბნება: "როდის მორჩები პუტინის ლანძღვას? ის მოგკლავს!," სრულიად სერიოზულად"

ჟურნალისტის შეკითხვაზე - დედასთან მსგავსი საუბრების შემდეგ, ისიც ხომ არ შეიპყრო ასეთმა შიშმა, რომ უახლოეს მომავალში პუტინი პირადად, ან შუამავლის მეშვეობით მოკლავს, ნემცოვმა უპასუხა:

"იცით, დიახ...ოდნავ. ასე ძლიერად არა, როგორც დედას, მაგრამ მაინც.. თუმცა მე მისი არც ისე ძლიერად არ მეშინია. ძალიან რომ მეშინოდეს, ოპოზიციურ მარტიას სათავეში ალბათ არ ჩავუდგებოდი და არც იმით დავკავდებოდი, რასაც ვაკეთებ," - განაცხადა ბორის ნემცოვმა.

ვლადიმირ პუტინმა ბორის ნემცოვის მკვლელობას შეკვეთილი და პროვოკაციული უწოდა და საქმის გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა.

კომენტარები