ბორის ნემცოვის მკვლელობა

საგამოძიებო კომიტეტი: ნემცოვი შესაძლოა ერთგვარი საკრალური მსხვერპლი გახდა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, ბორის ნემცოვის მკვლელობა ყურადღებით არის დაგეგმილი და ის შესაძლოა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ვისაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნა სურთ, "საკრალურ მსხვერპლად" შეწირეს. კომიტეტის წარმომადგენლის ვლადიმირ მარკინის განმარტებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

"შესაძლოა, ეს არის პროვოკაციული მკვლელობა ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და პოლიტიკური ვითარების არევისთვის. ნემცოვი შესაძლოა, გახდა ერთგვარი საკრალური მსხვერპლი მათი, ვინც არ ერიდება ნებისმიერი საშუალების გამოყენებას თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. მკვლელობის ერთ-ერთი ვერსია უკავშირდება ისლამურ ექსტრემიზმს. გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ მას ემუქრებოდნენ ჟურნალ შარლი ებდოს მიმართ გამოხატული პოზიციის გამო. გამოძიება ასევე მუშაობს ვერსიაზე, რომელიც უკავშირდება უკრაინაში მიმდინარე შიდა მოვლენებს. ასევე განვიხილავთ ვერსიებს, რომელიც ეხება ნემცოვის კომერციულ საქმიანობას და სხვა საყოფაცხოვრებო საკითხს. გამოძიება ყველა მათგანს გულდასმით სწავლობს" - აცხადებს მარკინი და აღნიშნავს, რომ დღეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ბასტრიკინი შინაგან საქმეთა მინისტრს ვლადიმერ კოლოკოლცოვს შეხვდა, სადაც გამოძიების პირველადი შედეგები მოისმინეს. 

საგულისხმოა, რომ ბორის ნემცოვის მკვლელობას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პროვოკაციული უწოდა. მისი თქმით, "ამ სასტიკ ქმედებას შეკვეთილი მკვლელობის ყველა ნიშანი აქვს და პროვოკაციული ხასიათისაა". ამასთან, აღსანიშნავია, რომ პუტინი საკრალურ მსხვერპლზე 2012 წელს, პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში ყოფნისასაც აცხადებდა. კერძოდ, მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ა­ში არის ხალხი, რომელიც ხელისუფლებისთვის სახელის გასატეხად მკვლე­ლო­ბა­ზეც წა­ვა და "საკ­რა­ლუ­რი მსხვერ­პ­ლის" შე­სა­წი­რა­დაც მზად არი­ან. "შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე ცნო­ბი­ლი პი­რიც მოკლან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­აბ­რა­ლონ" - თქვა მაშინ პუ­ტინ­მა.

კომენტარები