21 მარტის აქცია

აბაშიძე: ენმ-სთან ერთად არანაირ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ

timer.ge

თავისუფალი დემოკრატების 21 მარტის აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა.

"ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად არანაირ საპროტესტო აქციებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობა რასაც საუბრობს ამ გაჭირვებაზე, თანხვედრაში ვართ და მართლა რეალობაა. მაგრამ მე არ მგონია, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციას საზოგადოება შეუერთდება, იმის გამო, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს მაღალი ნდობა საზოგადოებაში",-თქვა აბაშიძემ.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 21 მარტს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციას გამართავს. 

"მოგეხსენებათ, დღეს უნდა გამართულიყო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომელზეც განხილული იქნებოდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლის კონკრეტული გზები. საქართველოს მთავრობა, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა, მოიქცა სრულიად უპასუხისმგებლოდ და არ გამოცხადდა ამ სხდომაზე.

ჩვენი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა იმყოფება, პრაქტიკულად, კოლაფსის წინაშე. ლარის გაუფასურებამ დააზარალა თითოეული ქართული ოჯახი, კლებულობს ექსპორტი, კლებულობს ტურიზმი და დღეს პირველად, მრავალი წლის შემდეგ, კვლავ რეალური გახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრი. ამ დრამატულ ვითარებაში მთავრობა არის სრულიად უმოქმედო. მას არ გააჩნია მეტნაკლებად მწყობრი გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის ამ კრიზისიდან გამოყვანა. მეტიც, ის უარს აცხადებს უკვე თვეებია იმ გეგმის განხილვაზე, რომელიც მომზადებული იქნა ჩვენ მიერ და რომელიც არის ერთადერთი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ქვეყნის რეალური მმართველი ივანიშვილი ცინიკურად მოუწოდებს გაჭირვებულ მოსახლეობას, რომ დაიქირავონ ბანკირები და ისწავლონ ფულის დაბანდება. ის დასცინის მოსახლეობას და ამ დაცინვას მთელი ქართული ოცნება მთელი შემადგენლობით კვერს უკრავს.

საქართველოს მთავრობა, იმის გარდა, რომ არ გააჩნია კონკრეტული გეგმა, აღარ უსმენს ხალხს. მას არ ესმის ხალხის ენა. ამიტომ ჩვენი, როგორც ოპოზიციური ძალის, მოვალეობაა, რომ მას ეს ხმა გავაგონოთ. და სამწუხაროდ, რადგან ეს არ მოხერხდა პარლამენტში, ეს მოხდება თბილისში, დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე. მოვუწოდებთ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვინც თავს გრძნობს შეურაცხყოფილად, ვინც თვლის, რომ ის არის მოტყუებული ამ ხელისუფლების მიერ, ვინც თვლის, რომ ეს მთავრობა არის უნიათო და არაფრის მაქნისი, შევიკრიბოთ ერთად 21 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე და ერთად მოვითხოვოთ გადადგეს საქართველოს უნიათო მთავრობა", - ნათქვამია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები