ბორის ნემცოვის მკვლელობა

ნემცოვის მკვლელობის ადგილზე ქუჩის კამერები გამორთული იყო

AFP

ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერები, რომლებიც ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილას არის დამონტაჟებული, მკვლელობის მომენტში სარემონტო სამუშაოების მიზეზით გათიშული იყო, - ამის შესახებ რუსული გამოცემა კომერსანტი წერს.

გამოცემის ცნობით, იმ კამერების ჩანაწერები, რომლებიც მუშაობდა, უხარისხო  გამოდგა. ოპოზიციის აქტივისტების მტკიცებით კი, ხიდი, სადაც მკვლელობა მოხდა, სამართალდამცველების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა და კამერების გათიშვა და მკვლელობაზე პოლიციის დაგვიანებული რეაგირება ეჭვებს იწვევს.

ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ მარშზე დაკავებული 50 აქტივისტიდან უმეტესობა ღამით გაათავისუფლეს. პოლიციის განყოფილებებში დილით მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა. აქტივისტების ნაწილი ნაცემია. გათავისუფლებულია აქციაზე დაკავებული უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო. მისი მტკიცებით, პოლიციელებმა მას სცემეს და მათთვის სასურველი ჩვენებების მიცემას აიძულებდნენ. დეპუტატი უკრაინის საელჩოს გადასცეს, სასამართლო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. სულ მარშში, ოპოზიციის მტკიცებით, 50-55 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. 

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობის უსწრაფესი გამოძიებისკენ რუსეთს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის აზრით, გარკვეული ნაციონალისტური წრეები რუსეთში შესაძლოა იმედგაცრუებულნი არიან იმით, რომ სიტუაცია უკრაინაში სიმშვიდის ფაზაში გადავიდა. მისი თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ ღია და გამჭვირვალე გამოძიება უნდა ჩაატაროს, რაც ეჭვების გაფანტვის ერთადერთი შესაძლებლობაა.

კომენტარები