ლარის კურსი

ჯაფარიძე: ყველაფერი ამოყირავდა და შევარდნაძის დროში დაბრუნდა

ტაბულა

ბიუჯეტს სავარაუდოდ რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დააკლდება, - ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. ჯაფარიძის თქმით, ახლა რადიკალური ნაბიჯებია საჭირო, რათა საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღდეს.

"სავალუტო ფონდი არ არის საქართველოს მთავრობა, ამიტომ ანტიკრიზისულ გეგმას, ცხადია, არ უნდა წერდეს სავალუტო ფონდი. გეგმა უნდა ჰქონდეს მთავრობას და შეიძლება, რომ შემდეგ ამ გეგმით გარკვეული პარამეტრები შეუთანხმოს სავალუტო ფონდს. ჩვენთან ყველაფერი ამოყირავდა და დაბრუნდა ისევ იმ დროში, როგორც შევარდნაძის დროს იყო - როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები გვეუბნებიან რა არის და როგორ არის გასაკეთებელი. მეეჭვება, რომ იმ გეგმაში, რომელიც შეთანხმებული იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, იყოს კონკრეტული, რადიკალური ნაბიჯები, რომელიც საჭიროა ახლა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად. იქ უბრალოდ საუბარი იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ალბათ ბიუჯეტის დაბალანსება იმ ახალი, მძიმე რეალობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ქვეყანაშია შექმნილი. ბუნებრივია, რომ ბიუჯეტის კორექტირება იქნება გასაკეთებელი. სავარაუდოდ, რამდენიმე ასეული მილიონი ლარი დააკლდება ბიუჯეტს და, შესაბამისად, ეს ხარჯები სადღაც, რაღაცას უნდა გამოაკლდეს. მთავრობა როდესაც საუბრობს ქამრების შემოჭერაზე, საუბარია სწორედ ამაზე - ისინი ელიან, რომ შემოსავლები იქნება ნაკლები და ეს ნაკლები შემოსავალი უნდა ამოიღონ ბიუჯეტიდან. ანუ ციფრები უნდა გაასწორონ. ამას არანაირი კავშირი აქვს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანასთან. ეს არ არის ის ნაბიჯი, რომელიც აუცილებელია, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს. ამისთვის აუცილებელია - გადასახადების დაწევა, რეგულაციებზე უარის თქმა და ყველა ის ნაბიჯი, რომელიც მოცემულია ჩვენს მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ გეგმაში", - განაცხადა ჯაფარიძემ.

კომენტარები