ბორის ნემცოვის მკვლელობა

ობამა: სამოქალაქო უფლებები რუსეთში გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე ადრე

worldtribune.com

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა როიტერისთვის მიცემულ ინტერვიუში ხაზი გაუსვა ბორის ნემცოვის მკვლელობის სრული გამოძიების აუცილებლობას. ბარაკ ობამას განცხადებით, ეს მკვლელობა რუსეთში სიტუაციის გაუარესებაზე მეტყველებს.

"ეს არის იმ კლიმატის ინდიკატორი, რომლის პირობებშიც რუსეთში სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, ბლოგერები, გრძნობენ, რომ მათ სულ უფრო მეტი საფრთხე ემუქრებათ და უფრო მეტად შეზღუდულები არიან. სულ უფრო ხშირად ერთადერთი ინფორმაცია, რომლის მიღებაც საზოგადოებას შეუძლია, სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედიაა. ეს პრობლემაა და ვფიქრობ, ეს არის ის, რამაც საშუალება მისცა რუსეთს, განეხორციელებინა აგრესია უკრაინის წინააღმდეგ. ამ მომენტისთვის არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა. მაგრამ ვიცი, რომ პრესის და შეკრების თავისუფლება, ძირითადი სამოქალაქო უფლებები რუსეთში არის გაცილებით ცუდ მდგომარეობაში, ვიდრე ოთხი, ხუთი ან ათი წლის წინ", - განაცხადა ობამამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი დასავლელ ლიდერებს მოუწოდა, ნემცოვის მკვლელობა რუსეთის წინააღმდეგ ბრალდებებისთვის არ გამოიყენონ.

"მკრეხელობაა, როდესაც ასეთი ტრაგედიების დროს, როგორიცაა ბორის ნემცოვის მკვლელობა, ცდილობენ საკუთარ თავზე აიღონ გამოძიების და სასამართლოს ფუნქციები და სრულიად პოლიტიზებული, დაუსაბუთებელი და პროვოკაციული ინტერპრეტაციები გააკეთონ", - თქვა ლავროვმა.

კომენტარები