უკრაინა

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი რეკორდულ 30%-მდე გაზარდა

Getty Images

უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა წელს უკვე მეორეჯერ გაამკაცრა. 3 მარტიდან ქვეყნის რეფინანსირების განაკვეთი მსოფლიოს რეკორდულ მაჩვენებელს - 30%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გრივნის გაცვლითი კურსის დასტაბილურებას ისახავს მიზნად, თუმცა მას მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობასა და ეკონომიკურ ზრდაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი აქვს. რეფინანსირების ასეთი მაღალი განაკვეთი უკრაინაში ისედაც მძიმე ფინანსურ ვითარებას ართულებს. 

თებერვალში ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 14%-დან 19%-მდე გაზარდა, მას შემდეგ, რაც აღნიშნულმა ნაბიჯებმა გრივნის გაცვლითი კურსი ვერ დაასტაბილურა, ცენტრალურმა ბანკმა განაკვეთი კიდევ 11%-ით გაზარდა. ამ ნაბიჯით რეფინანსირებაზე მიბმული სესხების ღირებულება 30%-ით გაძვირდა. 

გრივნა 2014 წლის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად გაუფასურებადი ვალუტა იყო - კრიზისის განმავლობაში 60%-ით გაუფასურდა. უკრაინის ცენტრალური ბანკის ასეთი რადიკალური ნაბიჯი 2015 წლის უკრაინის ბიუჯეტის მაჩვენებლებს უკავშირდება, სადაც განსაზღვრულია, რომ ერთი აშშ დოლარი 21 გრივნა ეღირება, დღეისათვის კი ერთი აშშ დოლარი 24 გრივნა ღირს. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გრივნის სწორედ ბიუჯეტით განსაზღვრულ წერტილამდე მიყვანას ისახავს მიზნად. 

კომენტარები