ჟურნალისტზე ძალადობა

ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

ფოტოგრაფზე ძალადობა
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოტოგრაფ ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 1994 წელს დაბადებული ივანე ბეგიაშვილი ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით აიყვანეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 4 მარტს, საღამოს, თბილისში, ვარდების მოედანზე მიმდინარე აქციის დროს, ინტერპრესნიუსის ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც ფოტოკორესპონდენტმა სხეულის დაზიანებები მიიღო. ასევე დაზიანდა მისი ფოტოაპარატი.

"დაკავებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დაზარალებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ივანე ბეგიაშვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს. გამოძიება ძალადობით ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანება ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 188-ე მუხლის 1-ლი ნაწილით)", - აცხადებს შსს.

კომენტარები