საქართველო-ევროკავშირი

იოსელიანი: სამეზობლო პოლიტიკის გადახედვამდე მთავრობამ ევროპასთან უნდა იმუშაოს

თეორემა/ტაბულა

საზოგადოება ივერიის წარმომადგენელი კოტე იოსელიანი თვლის, რომ ევროკავშირის მიერ სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის დაწყებამდე საქართველომ უნდა გამოიყენოს არსებული მექანიზმები იმისთვის, რომ ევროკავშირთან უფრო გაღრმავდეს ურთიერთობები. მისი თქმით, მთავრობამ 24-საათიან რეჟიმში უნდა იმუშაოს.

"ევროკავშირისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ინსტრუმენტი არის სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში არსებული ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან. ამ ქვეყნების რიცხვი არის 16. აქ არის როგორც ჩვენი რეგიონი, ჩრდილოეთ აფრიკა, ახლო აღმოსავლეთი. როდესაც უკანასკნელად დაკორექტირდა სამეზობლო პოლიტიკა 2011 წელს - ეს მოხდა იმ სულისკვეთებით, რომ ეს არის ახალი და ამბიციური გეგმა, რომელიც უნდა განხორციელდეს მთელს სამეზობლო პოლიტიკაზე. ამისთვის გამოიყო 7 მილიარდი ევრო და ითქვა - More Funds for More Reforms - მეტი ფული მეტი რეფორმებისთვის და ასე გრძელდებოდა. ეს მიდგომა ჯერაც არ შეცვლილა და ჯერაც ძალაშია. ამიტომ სანამ კონკრეტულად გვექნება პუნქტებით ჩამოწერილი გადაწყვეტილება, თუ რა შეიცვალა ძველი მიდგომებიდან, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არსებული მექანიზმები იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთ ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. მთავრობამ, რა თქმა უნდა, უნდა იმუშავოს 24-საათიან რეჟიმში, რომ მთელი მისი შესაძლებლობები გამოიყენოს სრულად. იმიტომ, რომ ბოლო პერიოდში პროცესები შენელდა იმდენად, რომ ვეღარ ვახდენთ გავლენებს ევროკავშირის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, რაც ეხება სამეზობლო პოლიტიკას", - თქვა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ევროკომისრის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინის თქმით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა უნდა გადაიხედოს.

კომენტარები