თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალ უნივერსიტეტში ახალი სამაგისტრო პროგრამები გაიხსნა

0 კომენტარი
ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი

თავისუფალი უნივერსიტეტი უმაღლესი ხარისხის სწავლებით და თანამედროვე სასწავლო გარემოთი უპირობო ლიდერია საქართველოს ყველაზე რეიტინგულ უმაღლეს სასწავლებებს შორის. წელს უნივერსიტეტში განახლდა ბიზნესის ადმინისტრირებისა (MBA) და ოპერაციების მენეჯმენტის (MBAOM) სამაგისტრო პროგრამები, ასევე, დაემატა ახალი: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (MNS),  სოციალური მეცნიერებები (MSS) და ბიზნესის სამართლი (LLM). ყველა არსებული პროგრამა მაგისტრანტებს პრაქტიკული გამოცდილებით გამყარებულ მაღალი ხარისხის განათლებას მისცემს.

პირველად საქართველოში, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას გვთავაზობს ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის მიმართულებით, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს კვლევები ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორიებში ჩაატარონ, რომელთა ანალოგიც საქართველოში არ არსებობს.

ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი

“აგრარული უნივერსიტეტი ადგილია, სადაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით საუკეთესო მეცნიერები იყრიან თავს,” - ამბობს სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის ხელმძღვანელი ნუცა ბათიაშვილი. “ეს არის ხალხი, რომელიც მოწინავე კვლევებშია ჩართული და მსოფლიოს წამყვან ლაბორატორიებთან თანამშრომლობს. ამ პროგრამაში სწავლა გულისხმობს, რომ სტუდენტი წამყვან მეცნიერებთან ერთად მიმდინარე კვლევებში იქნება ჩართული”.

საერთაშორისო ურთიერთობებითა და კონფლიქტებით, პოლიტიკის ანალიზით, კულტურის კვლევებით, რეგიონის კვლევებითა თუ გლობალურ პოლიტიკაში რელიგიის როლით დაინტერესებულ ადამიანებს უნივერსიტეტი  სოციალური მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.  

“სოციალური მეცნიერებების პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობებისა და მართვის სკოლების ერთობლივი მუშაობის პროდუქტია. მასში ჩართულები არიან ისეთი დარგების ექსპერტები, რომელთა სპეციალისტიც არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონშიც თითო-თითოა”, - ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, კურიკულუმი საკუთარ ინტერესებს მოარგონ. ძირითადი საგნების მიღმა მათ შეუძლიათ შეისწავლონ ისეთი უცხო ენები, როგორიცაა არაბული, სპარსული, ჩინური, თურქული, იაპონური, გერმანული, ფრანგული და ესპანური.

ნუცა ბათიაშვილი ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი
პროგრამის ხელმძღვანელის თქმით, როგორც სოციალური მეცნიერებების, ისე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამების დაგეგმვისას მიზანი კვლევასა და სამეცნიერო ცოდნაზე ორიენტირებული პროგრამების შექმნა იყო.

“სწორედ ამიტომ არ გავაკეთეთ სამაგისტრო პროგრამები ცალკეულ დარგებში, როგორიცაა ფიზიკა ან სოციოლოგია. უკანასკნელი პერიოდის სამეცნიერო დისკურსი იმ აზრისკენ იხრება, რომ ღირებული ცოდნის შექმნა, როგორც სოციალურ, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მხოლოდ ინტერდისციპლინარული თანამშრომლობით შეიძლება. სწორედ ამის საშუალებას აძლევს ეს ორი სამაგისტრო პროგრამა ქართველ სტუდენტებს”, - ამბობს ნუცა ბათიაშვილი.

მათ, ვისაც იურიდიულ კომპანიებში, კორპორაციებში, ფინანსურ ინსტიტუტებში, აუდიტორულ კომპანიებსა და სხვა ორგანიზაციებში, ბიზნესის სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობა სურთ, თავისუფალი უნივერსიტეტი ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს.

“ბიზნესის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე მუშაობისას კონსულტაციებს ვიღებდით საერთაშორისო იურიდიული კომპანიების პარტნიორებისგან, რომლებსაც მრავალწლიანი პროფესიული პრაქტიკა და საერთაშორისო გამოცდილება აქვთ. ჩვენი გამოწვევა იყო, შეგვექმნა პრგორამა, რომელიც ქართველ სტუდენტებს მისცემდა საშუალებას ქვეყნიდან წასვლის გარეშე მიეღოთ ცოდნა, რომელსაც გამოიყენებენ ადგილობრივ და საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებში მუშაობისას”, - ამბობს სამართლის სკოლის დეკანი ნათია ხანთაძე.

სწორედ ამ მიზნით შეიმუშავა უნივერსიტეტმა პროგრამა, რომელიც სტუდენტს იმ უნარების შეძენაში დაეხმარება, რომელთა საშუალებით ის რთულ ბიზნეს გარემოში სწორი სამართლებრივი გადაწყვეტილებების მიღებას და ბიზნესის სამართლის ტრანზაქციების წარმატებით განახორციელებას შეძლებს.

ნათია ხანთაძე ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი

“პროგრამის ნოვაციაა ბიზნესის სამართლის პრაქტიკუმის მოდული, რომელიც სტუდენტების მიერ ბიზნესის გარიგებების ე.წ. 'deal' ის გაფორმებას გულისხმობს და ბიზნესის მოლაპარაკებების დაწყებიდან გარიგების დახურვამდე სტუდენტს სამართლებრივ მოქმედებათა სრული ციკლის განხორციელების საშუალებას აძლევს. პრაქტიკული უნარების განვითარებისათვის პროგრამაში შეიქმნა პროფესიული უნარების მოდული. მისი საშუალებით სტუდენტები გამოიმუშავებენ სამართლის პრაქტიკისათვის აუცილებელ სამართლებრივი წერის, მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტების კონსულტაციების გაწევის უნარებს. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ასევე შეძლებენ მათი პრაქტიკული უნარების გამოყენებას, სტაჟირებისას და საუნივერსიტეტო სამართლის კლინიკებში საქმიანობაში”, - ამბობს ნათია ხანთაძე.

სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი დამატებითი სპეციალიზაცია საგადასახადო სამართლისა და ფინანსების, ან საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. საგადასახადო სამართლის სპეციალიზაციის არჩევისას სტუდენტები შეისწავლიან ბიზნესის სკოლის პროფესორების მიერ სპეციალურად იურისტების საჭიროებების მიხედვით შექმნილ საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კურსებს.

თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა სწავლის გაგრძელების მსურველებს წელს ორი ტიპის სამაგისტრო პროგრამას სთავაზობს. ერთი განკუთვნილია ფართო პროფილის მენეჯერებისთვის, ხოლო მეორე ორიენტირებულია ოპერაციების მენეჯერებისათვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების შეძენასა და განვითარებაზე. პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს მიიღებს.

გიგა ბედინეიშვილი ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი

“ჩვენი პროგრამები ყოველთვის ითვლებოდა საქართველოში საუკეთესოდ”, - ამბობს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ბიზნესის სკოლის დეკანი, გიგა ბედინეიშვილი. “მიუხედავად ამისა, ყოველ წელს ვცდილობთ მათ გაუმჯობესებას და სტუდენტებისთვის საინტერესო სიახლეების შეთავაზებას. ეს მუდმივი პროცესია. სწორედ ამიტომ, ვთვლი, რომ გვაქვს კონკურენტული უპირატესობა პროგრამების ხარისხის თვალსაზრისით.”

მისივე თქმით, წელს პროგრამებს კიდევ უფრო მეტად ექნება პრაქტიკული ფორმა და მეცადინეობები უფრო ხშირად წარიმართება ე.წ. ქეისების მეთოდით. “ყოველთვის ვცდილობთ, გვქონდეს კარგი ბალანსი ლექტორებისა, რომლთაც ძალიან მყარი აკადემიური გამოცდილება აქვთ და ასევე ისეთი ლექტორების, რომლებსაც პრაქტიკული ბიზნეს გამოცდილება გააჩნიათ. სწორედ ეს ბალანსია ჩვენი ფაკულტეტის ერთ-ერთი ძლიერი მხარე”, - ამბობს ბედინეიშვილი.

ბიზნესის სკოლის სამაგისტრო პროგრამები სტუდენტებს სწავლის პარალელურად მუშაობის საშუალებას აძლევს. “ჩვენთან მოდის ხალხი, რომელთაც უნდათ, მეტი გაიგონ თეორიული თვალსაზრისით და გაიუმჯობესონ ბიზნესის მართვის უნარები”, - ამბობს ბიზნესის სკოლის დეკანი. “ასევე მოდიან ბაზარზე დიდხანს არსებული დიდი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, რომ დაწინაურდნენ. საკმაოდ მაღალია იმის მაჩვენებელი, თუ როგორ უმჯობესდება ჩვენი მაგისტრების დასაქმების შესაძლებლობები ამ პროგრამების დამთავრების შემდეგ.”

ფოტო: თავისუფალი უნივერსიტეტი
თავისფალი უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესის სამართლისა და განახლებული ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამები წელს პირველად მიიღებენ სტუდენტებს. 17 მარტი, მომავალი სტუდენტების წარმატების პირველი მნიშვნელოვანი თარიღია, ამ დროს სრულდება ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია. 2017 წელს, სამაგისტრო პროგრამების წარმატებით დასრულების შემდეგ, წლევანდელი სტუდენტები საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა დიდ, წარმატებულ ოჯახს შეუერთდებიან. სწორედ ამ წარმატებულად დასაქმებული კურსდამთავრებულების დიდი ოჯახით არის გამორჩეული თავისუფალი უნივერსიტეტი, რომელიც 2017 წელს ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, ბიზნესის სამართლისა და სოციალური მეცნიერების მაგისტრებით მოიწონებს თავს.

უფრო დაწვრილებით სამაგისტრო პროგრამების შესახებ თავისუფალი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პრემიერი: კლუბებში ხდება ბავშვთა პროსტიტუცია, ამას ქართველი მამაკაცი არ მოითმენს

კომენტარები