გამოფენა - Anonymous

ევროპის სახლში ეთერ ჭკადუასა და იდენტობის ერთობლივი გამოფენა მიმდინარეობს

''არ მინდოდა ჩემი ორიენტაციის გამჟღავნება, რადგან ვიცოდი, რომ ოჯახში ძალიან დიდი პრობლემები შემექმნებოდა, მაგრამ ერთხელაც მამაჩემმა გაიგო, რომ გეი ვარ. ჩემი ოთახის კარი შემოამტვრია, მეცა და მახრჩობდა'', - მსგავსი შინაარსის ტექსტების, ისტორიების, ფოტოსურათებისა და ნახატების გაცნობა ქართველი თანამედროვე მხატვრის, ეთერ ჭკადუას გამოფენაზე დამთვალიერებელს 10 მარტიდან შეუძლია. ეთერ ჭკადუამ ორგანიზაცია იდენტობასთან და ევროპის სახლთან ერთად გამოფენა, სახელწოდებით "ანონიმი" 10 მარტს გახსნა და ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ გამოვლენილი ძალადობის აღწერას მიუძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ნახატები, ფოტოსურათები, ციფრული პრინტები, პირადი ისტორიები და ტექსტები, რომლებსაც ჩვენ ირგვლივ მცხოვრები ადამიანები საკუთარ თავზე და პირად ცხოვრებაზე წერენ. საინტერესო ის არის, რომ გამოფენაში წარმოდგენილი ყველა ისტორია ნამდვილია.

ისტორიებიდან კარგად ჩანს, თუ რა სახის დისკრიმინაციას განიცდიან საქართველოში ლგბტ პირები, მათ შორის ჰეტეროსექსუალი ქალები, რომლებიც საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მათ შორის ოჯახებში ჩაგრულის პოზიციაში არიან.

გამოფენაზე გამოფენილ არაერთ ტექსტში ჩანს, თუ როგორ ეწევა საზოგადოება ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციას საკუთარი ოჯახის წევრებთან, მასწავლებლებთან და ზოგ შემთხვევაში, ექიმებთან ერთად.

გამოფენა საზოგადოებაში არსებული დუმილის, ჰომოფობიისა და დისკრიმინაციის მაღალი მაჩვენებლით გამოწვეულ პრობლემებს უსვამს ხაზს. ადამიანები საკუთარი წერილებით მათი ყოველდღიურობის ამსახველ ისტორიებს ყვებიან. ეს ისტორიები ხშირ შემთხვევაში დრამატული და ტრაგიკულია.

ეთერ ჭკადუას ნამუშევრების გამოფენის დათვალიერება მსურველებს 20 მარტამდე შეეძლებათ.

კომენტარები