ყოფილი მაღალჩინოსნები

ადვოკატი: უგულავას, კეზერაშვილსა და მერაბიშვილს ბრალს უმძიმებენ

ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატი ბექა ბასილაია პროკურატურაში დაიბარეს. უწყებაში შესვლამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ყოფილ პრემიერსა და დედაქალაქის ყოფილ მერს ბრალს უმძიმებენ. ბასილაიას ვარაუდით, დღეს ღამით ის კეზერაშვილისთვის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით დაიბარეს, ხოლო ხვალ უგულავასა და მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმებას გეგმავენ. ადვოკატი პროკურატურის გადაწყვეტილებას გიგი უგულავას პატიმრობაში დატოვების პოლიტიკური მიზნით ხსნის.

"დავით კეზერაშვილს უმძიმებენ ბრალს 7 ნოემბრის საქმეზე, ხოლო ხვალისთვის დაგეგმილი აქვს პროკურატურას, რომ ბრალდება დაუმძიმოს გიორგი უგულავასა და ივანე მერაბიშვილს. ამას აქვს ერთადერთი მოტივაცია, ეს არის პოლიტიკური მოტივაცია და უფრო მნიშვნელოვანი, პროკურატურა, ჩვენი ვარაუდით გიორგი უგულავას უმძიმებს ბრალს, არა იმიტომ, რომ ფაქტობრივი საფუძვლები აქვთ, არამედ იმიტომ, რომ ხელახლა მოითხვონ მისთვის პატიმრობის შეფარდება.

მოგეხსენებათ, რომ 2 აპრილს გიორგი უგულავას გასდის წინასწარი პატიმრობის 9 თვიანი ვადა, პროკურატურას აქვს ამოცანად დასახული, რომ გიორგი უგულავა არ გათავისუფლდეს, არც ერთ საქმეზე, არ ესწრება საქმის სასამართლო განხილვების დამთავრება, მეტიც, სასამართლოში წარმოებული საქმეები ამ ეტაპზე მიდის პირიქით, გამამართლებელი განაჩენებისკენ და პროკურატურას აქვს იმის შიში, რომ უგულავა აპრილის დასაწყისში გათავისუფლდება და ამის არ დასაშვებად მიდიან კონსტიტუციის აშკარა დარღვევაზე...

ჩვენი აზრით ხვალ ისინი ამ საქმეზე შეიტანენ ხვალვე აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით შუამდგომლობას სასამართლოში. ყველაფერი ამაზე მიუთითებს, მთელი 8 თვეა ბრალდებულია გიორგი უგულავა მოცემულ საქმეზე და ბრალი არ დაზუსტებია ამ დრომდე, საქმეში ამ დრომდეც არ მოიპოვებოდა არავითარი მტკიცებულება მის წინააღმდეგ და ეს წარდგენილი ბრალდებაც იყო პოლიტიკური მოტივაციით, გრძელდებოდა უსაშველოდ ვადები და ყოველი გაგრძელების და ყოველი გაგრძელების საფუძველი არ იყო გიორგი უგულავასთან არავითარ ბმაში, მიუხედავად ამისა, დღეს, რატომღაც, გადაწყვიტა პროკურატურამ რომ შაბათ დილით გიორგი უგულავას დაუმძიმოს ბრალი", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ხვალ ადვოკატები ე.წ მატროსოვის ციხესთან არიან დაბარებულები, რადგან სავარაუდოდ იგეგმება ბრალის წარდგენა ვანო მერაბიშვილთან და გიგი უგულავასთან ერთად მოხდეს.

საქართველოს მთავარ პროკურატურას აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

კომენტარები