ზეწოლა პატრულის თანამშრომლებზე

ჩანაწერი - ენმ: პატრულის თანამშრომლების მორიგი შეურაცხყოფა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჩანაწერს ავრცელებს, სადაც პატრულის თანამშრომლებს ნიკა ალიხანაშვილსა და არჩილ დავითულიანს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. პარტიის წევრის პავლე კუბლაშვილის თქმით, პატრულის თანამშრომლები პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ნაციონალურმა მოძრაობამ პატრულის თანამშრომლებსა და მათ ხელმძღვანელ პირებს შორის საუბრის ჩანაწერიც გაავრცელა.

"სამწუხაროდ, ისევ გვიწევს საუბარი იმ დამოკიდებულების შესახებ, რომელიც აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას პოლიციისადმი და სამართალდამცველი ორგანოებისადმი. კერძოდ, იმ თანამშრომლებისადმი, რომლებიც თავის მოვალეობას ასრულებენ კეთილსინდისიერად. ეს ფაქტი იანვარში მოხდა. პატრულის თანამშრომლებმა - ნიკა ალიხანაშვილმა და არჩილ დავითულიანმა გააჩერეს ავტომანქანა, რომლიდანაც გადმოვიდა რამოდენიმე ადამიანი, ნასვამ მდგომარეობაში. ხაზს ვუსვამ, რომ მძღოლთან მიმართებაში არანაირ გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. კონფლიქტი შედგა იმ პირებთან, რომლებიც იყვნენ ამ მანქანაში. ამ ადამიანებმა მიაყენეს სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა პატრულის თანამშრომლებს. საჭირო გახდა პატრულის სხვა დანაყოფების ჩართვა იმისათვის, რომ მათი ეს ძალადობა აღეკვეთათ.

ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი დააკავეს. პატრულის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნისთვის. მოგვიანებით, რამდენიმე საათში ე.წ. პატრონის ზარის შემდეგ დაკავებული მოძალადე გაათავისუფლეს. ხოლო პატრულის თანამშრომლების მიმართ, რომლებსაც შეურაცხყოფა მიაყენეს, დაიწყეს გამოძიება და დევნა, დისციპლინური საქმის წარმოება. რა ინფორმაციაც გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადგილი ჰქონდა ჩარევას პროკურატურის ორგანოებიდანაც. პირდაპირ პროკურატურიდან ითხოვდნენ ამ ადამიანების გათავისუფლებას. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, როდესაც ისჯებიან სახელმწიფო სამსახურისათვის პატრულის თანამშრომლები. ეს არის სამწუხარო რეალობა.

ამის მიზეზია ის, რომ ბატონი დავით ცინარიძე ისევ არის თანამდებობაზე. ბატონი ბერიკაშვილი, რომელიც ბორჯომის ინციდენტში მონაწილეობდა, დღემდე არის თანამდებობაზე. ეს არის გაგრძელება იმისა, რაც მოხდა ბათუმში, როდესაც კრიმინალებს საშუალებას აძლევდნენ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელებისათვის", - თქვა კუბლაშვილმა.

კომენტარები