საქართველოს ეროვნული ნაკრები

სფფ: საქართველოს ნაკრები ივნისში ამხანაგურ მატჩს უკრაინასთან გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ივნისში, ავსტრიაში შეკრებას გამართავს. თავდაპირველად გავრცელებული ცნობის თანახმად, კახა ცხადაძის გუნდი ამხანაგურ მატჩში იქ, მაკედონიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებოდა, მაგრამ როგორც ირკვევა, სიტუაცია შეიცვალა.

Sportall.ge-ს ცნობით, 8 ივნისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, ჯვაროსნები უკრაინის ეროვნულ ნაკრებს შეხვდებიან.

"მიღწეულია შეთანხმება უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან - 8 ივნისს, ავსტრიულ ქალაქ ლინცში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებები ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 

ჩვენი ნაკრები ავსტრიაში შეკრებაზე 12 ივნისამდე დარჩება, გადავალთ პოლონეთში და 13 ივნისს ევროშესარჩევი ციკლის შეხვედრაში ამ ქვეყნის ნაკრებს დავუპირისპირდებით. 

იცით, რომ მაკედონიასთან უნდა გვეთამაშა, ყველაფერზე მოლაპარაკებულები ვიყავით, მაგრამ მათ გეგმები შეცვალეს და ჩვენც სარეზერვო ვარიანტს მივმართეთ", - განაცხადა სფფ-ს ტექნიკურმა დირექტორმა, ნიკა ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ 13 ივნისს, კახა ცხადაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩს სტუმრად, პოლონეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

კომენტარები