საჯარო ფინანსები

TI: ხელისუფლება ბიუჯეტის შესრულების მონაცემების მანიპულაციას ახდენს

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტრომ 2014 წელს ხარჯების ათვისებისა და დეფიციტის შესახებ არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის ცნობით, 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ შეისწავლა 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისების მდგომარეობა, რითიც ირკვევა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს აუთვისებელი დარჩა არა ოფიციალურად გამოქვეყნებული 70.19 მილიონი ლარი, არამედ 82 მილიონი ლარით მეტი და საერთო აუთვისებელმა თანხამ 150 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ ამ ინფორმაციის დაფარვისას ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემების მანიპულირებას მიმართა.

მიმდინარე წლის 12 მარტს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიშზე 80 მილიონ ლარზე მეტია განთავსებული (ხაზინის მიერ ზეპირად მოწოდებული ინფორმაციით – 82 მილიონი ლარი), რაც გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიშისთვის რეკორდული მაჩვენებელია, რადგან საქართველოს მთავრობას ისტორიულად ამ ანგარიშზე ნაშთის სახით საშუალოდ 5 მილიონ ლარზე მეტი არ სჭირდება.

ფინანსთა სამინისტრომ ეს 82 მილიონი ლარი, ხაზინის დაბრუნების ქვეანგარიშზე განათავსა და არ ასახა არც ბიუჯეტის დეფიციტის კალკულაციაში და არც ხაზინის ერთიან ანგარიშზე. ეს თანხა ხაზინის ერთიან ანგარიშზე რომ ასახულიყო, საქართველოს მთავრობას მოუხდებოდა პასუხი გაეცა შეკითხვაზე, თუ რატომ ვერ დაიხარჯა ეს 82 მილიონი ლარი იმ 70.19 მილიონ ლართან ერთად, რაც ხაზინის დაზუსტებული ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს დარჩა აუთვისებელი, ანუ რატომ ვერ იქნა ათვისებული ჯამში 150 მილიონ ლარზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ათვისების პრობლემის წინაშე 2013 წლის ბოლოსაც იდგა, რისთვისაც მაშინაც გახდა მწვავე კრიტიკის საგანი. ჩვენი შეფასებით, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მთავრობამ 2014 წელს დაუხარჯავი თანხების შემცირება ოფიციალურ სტატისტიკაში და ამისთვის ბიუჯეტის დეფიციტის მონაცემის მიზანმიმართულ გაზრდაზეც კი წავიდა: "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" გადათვლით, 2014 წლის რეალური დეფიციტი გამოცხადებული 3.2%-ის ნაცვლად 2.95% იყო. როგორც ცნობილია, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი ერთ-ერთი იმ ინდიკატორთაგანია, რაზე დაყრდნობითაც ხდება ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შეფასება როგორც პოტენციური ინვესტორების, ასევე საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებისა და მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ამიტომ დეფიციტის მაჩვენებლით მანიპულაცია ცალკეული პოლიტიკური მიზნებისათვის ყოვლად დაუშვებელია. ეს ძალიან ცუდ პრეცედენტს ამკვიდრებს და შესაძლოა, ნეგატიურად აისახოს საქართველოს სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სანდოობაზე დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების თვალში", - ვკითხულობთ TI-ის განცხადებაში.

ქართული საგადასახადო სისტემა ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა, რის გამოც არსებობს გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიში, სწორედ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ცნობით სწორედ ამ ანგარიშზე განთავსდა აუთვისებელი ბიუჯეტი, რითიც ბიუჯეტის შეუსრულებლობის დაფარვა მოხდა.

კომენტარები