შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს: საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ ტერმინოლოგიაა

განსხვავებული აქცენტები

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, "საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია უბრალოდ ტერმინოლოგიაა" და პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს. ტაბულამ შსს-ს მიმართა კითხვით, "15 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ დევაძეს საზღვარი არ გადაუკვეთავს და განსხვავებულ აქცენტებში გასული ინფორმაცია არის ტყუილი, დღეს კი, ირწმუნებით, რომ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა და ამის შესახებ ინფორმაცია რუსლან ბაზიაშვილმა გივი თარგამაძეს მიაწოდა. რომელია მართალი?" 

შსს-ში ტაბულას უპასუხეს, რომ "ეს არის უბრალოდ ფორმულირება - საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის. დღესაც იმავეს ვამბობთ, რომ საზღვარი არ გადაუკვეთავს ამ ადამიანს".

კითხვაზე, თუ დევაძეს საზღვარი არ გადაუკვეთავს, რუსლან ბაზიაშვილმა რა ინფორმაცია მიაწოდა გივი თარგამაძეს საზღვრის კვეთის შესახებ, შსს შემდეგ პასუხს გვცემს:

"საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციაში იგულისხმება პირის საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია. არ ნიშნავს, რომ მან ეს საზღვარი გადაკვეთა. ეს არის ტერმინოლოგია უბრალოდ. და შემდეგ, როგორც წერია განცხადებაში, ეს ინფორმაცია, ფოტომასალა ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ [რუსთავი 2, გადაცემა განსხვავებული აქცენტები] გამოიყენა საკუთარი ეთერისთვის".

ცნობისთვის, დღევანდელ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაადგინა იმ თანამშრომლის ვინაობა, ვინც შსს-ს ბაზაში არსებულ დაცულ ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გივი თარგამაძეს სისტემატურად აწვდიდა. შსს-ს მტკიცებით, "საპატრულო პოლიციის თანამშრომელი რუსლან ბაზიაშვილი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „დიჯიპასის“ მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა, მოქალაქე რამაზ დევაძის შესახებ ინფორმაცია არასამსახურებრივად მოიძია და საზღვრის კვეთის ამსახველი ფოტომასალა გივი თარგამაძეს მიაწოდა". ამის გამო, ბაზიაშვილი და კიდევ რვა თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

შეგახსენებთ, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გასული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელ თარაშ მუკბანიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულმა რამაზ დევაძემ საზღვარი გადაკვეთა, რასაც 15 თებერვალს შსს-მ სრული სიცრუე და პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული, დაუსაბუთებელ ჭორებზე აგებული ტყუილი უწოდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაშინ განაცხადა, რომ რამაზ დევაძე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის საპასპორტო კონტროლის რიგში დააკავეს.

კომენტარები