ივანიშვილი ეკონომიკური გუნდის საქმიანობაზე

ივანიშვილი: ხელისუფლებისგან ითხოვენ იმას, რაც შეუძლებელია, რომ მან გააკეთოს

ტაბულა

არ უნდა მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან ის, რისი შესაძლებლობაც მას არ აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძალიან კარგად მუშაობს. მისი თქმით, ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ხალხმა რეალობის შეფასება უნდა ისწავლოს და ხელისუფლებისგან ის არ უნდა მოითხოვოს, რაც შეუძლებელია.

„ხელისუფლებისგან ითხოვენ იმას, რაც შეუძლებელია, რომ მან გააკეთოს. შეუძლებელია ორ წელიწადში გააკეთოს 20 წლის საქმე. შეუძლებელია, რეგიონში, როცა ასეთი დიდი რყევები მიდის, შეაჩერო საკუთარი ვალუტის დევალვაცია, შეუძლებელია ის, რომ სამუშაო ადგილები, როგორც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ დააფიქსირონ, საოცარი სისწრაფით და რაღაც ტემპებით დაფუძნდეს. აქ მოკლე პასუხები გამომივა და კვირას ჩემს გადაცემაში [20:30] კარგად გავშლი ამ თემას. არ იფიქროთ, რომ როცა რამე საკრიტიკოა, ვინმეს არ გავაკრიტიკებ, ოღონდ ობიექტური შეფასება უნდა შევძლოთ. როდესაც ვსაუბრობთ გადადგომაზე, თქვენ უნდა გააკეთოთ ანალიზი იმისა, რისი გაკეთება შეეძლო და ვერ ან არ გააკეთა მთავრობამ. მაგრამ ის, რომ ნავთობის ფასი დაეცა, ჩვენი სავაჭრო პარტნიორები ჩავარდნენ კრიზისში, ნავთობის ფასის ვარდნამ გამოიწვია დიდი გავლენა მათ ეკონომიკაზე, ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არის ძალიან სუსტი და რეგიონში მომხდარმა პროცესებმა მოახდინეს ჩვენ სუსტ ეკონომიკაზე იმაზე მძლავრი გავლენა, რაც უნდა მოეხდინა, ახლა მთავრობა გადავაყენოთ და ეს მოვითხოვოთ? - ეს არის უმეცრება. ეს არის ის, რომ ვერ ვერკვევით პროცესებში და არ ვიცით რა ხდება რეალურად და ამ დროს რუსთავი 2, ტაბულა, და მაესტრომაც მხარი აუბა, სიცრუის ტირაჟირებას ცდილობენ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები