ეკონომიკური ზრდა

ივანიშვილი: "ჯიბეზე იგრძნობთ" ჩემი სიტყვები არ არის და პუნქტუალობას მიეჩვიეთ

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი უარყოფს თავის 2012 წლის განცხადებას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელს მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას საკუთარ ჯიბეზე იგრძნობდა. მან ჟურნალისტები სიცრუეში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

"მე მსგავსი სიტყვები არ მითქვამს, შვილო. მაგასაც ცრუობთ. "ჯიბეზე იგრძნობთ" და ეგ სიტყვები ჩემი ტერმინები არ არის და კეთილი ინებეთ და პუნქტუალობას მიეჩვიეთ. პუნქტუალობას მიეჩვიეთ... მე რასაც ვსაუბრობდი და როგორც ვსაუბრობდი, ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფი ვამბობდი, რომ ოცი წელიწადი უნდა, ოცი წელიწადი... სააკაშვილივით, თქვენი ლიდერვიით კი არ ვიტყუებოდი. ოცი წელიწადი სჭირდება იმას, რომ ევროპის მსგავსი ქვეყანა აშენდეს საქართველოში. მე მოსული არ ვიყავი ჯერ ხელისუფლებაში, რომ ამას ვამბობდი და არ მეშინოდა ამის, რომ საზოგადოება შეჩვეოდა და არ გაჩენოდა ცრუ მოლოდინები" - განაცხადა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, 2012 წლის 24 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კოალიცია ქართული ოცნების მაშინდელმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეკონომიკურ ზრდაზე შემდეგი განცხადება გააკეთა.

"რაც შეხება ეკონომიკის ზრდას და მისი ტემპების ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული, ამას სჭირდება ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი. მე ვფიქრობ, რომ მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ და მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი" - განაცხადა ივანიშვილმა 2012 წელს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის ვიდეოჩანაწერიც არსებობს.

კომენტარები