დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

რეზიდენციაში დაუნის სინდრომის მხარდამჭერი აქციის ფარგლებში გამოფენა ჩატარდა

დღეს პრეზიდენტის სასახლეში დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვების შექმნილი ნახატების გამოფენა მოეწყო. აქვე იყო ბევრი ფერადი ფურცელი და ფანქარი, რათა სურვილის შემთხვევაში ბავშვებს შეექმნათ ნამუშევრები. გამოფენა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის 21 მარტის კამპანიის ფარგლებში გაიმართა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა და მაკა ჩიჩუამ ნახატები დაათვალიერეს და ბავშვებთან ერთად ფოტოები გადაიღეს.

დაუნის სინდრომის დღეს გუშინდელ აქციაზე ასევე გამოეხმაურა ნაც.მოძრაობის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია. სოლიდარობის ნიშნად მან ხელზე ამ დღესთან დაკავშირებული სიმბოლო - ჭრელი წინდა გაიკეთა. ბოკერიას თქმით, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან.

''ჩვენ შორის არიან ჯგუფები, რომლებსაც ამ საერთო გასაჭირის ფონზე განსაკუთრებული გამოწვევა აქვთ. დღეს ერთ-ერთი ასეთი ჯგუფისადმი მიძღვნილი საერთაშორისო დღეა. ეს არის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების დღე. ჩვენ გვერდზე არიან ასეთი ოჯახები, არიან ასეთი ბავშვები. ისინი ჩვენს გვერდზე ცხოვრობენ და მე სიამოვნებით ვუერთდები მათ სიმბოლოს, ეს სიმბოლო არის ბავშვის წინდა. ჩვენი ვალია მათ ვაგრძნობინოთ, რომ ისინი მარტოები არ არიან და ისინი არიან თანასწორი ნაწილი ჩვენი საზოგადოების. მათ აქვთ ჩვენსავით უფლება, რომ ჰქონდეთ შანსი თავისუფლებისკენ სწრაფვის'', - განაცხადა ბოკერიამ.

აღსანიშნავია, რომ კვირაზე მეტია, რაც დაუნის სინდრომის მხარდამჭერი კამპანია მიმდინარეობს, კამპანიაში საზოგადოება აქტიურად ჩაერთო ჭრელ წინდებთან ფოტოების გადაღებითა და სოციალურ ქსელში ატვირთვით. 

წინდას აქვს სიმბოლური დატვირთვა - ის ქრომოსომასთან ასოცირდება. კამპანიის ორგანიზატორების განმარტებით, ამ პლანეტაზე ყველასთვის არის ადგილი და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები არიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები თავიანთი პრობლემებითა და უფლებებით, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანი.
 
21 მარტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 2011 წელს დააწესა როგორც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანს ნაცვლად 46 ქრომოსომისა აქვს 47 - 21-ე წყვილში. 

მსოფლიო მასშტაბით ყოველი 800 ბავშვიდან 1 დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი არ არის მემკვიდრეობითი და არც გადამდებია. დაუნის სინდრომი არის გენეტიკური ცვლილება და არა დაავადება. დაუნი არ შეიძლება გამოიყენებოდეს შეურაცხმყოფელ სიტყვად. დაუნი იმ მეცნიერის გვარია, რომელმაც ეს სინდრომი პირველად აღწერა.

კომენტარები