საჯარო ფინანსები

TI ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს, გამოაქვეყნოს დეფიციტის რეალური მაჩვენებელი

iStockPhoto

2015 წლის 19 მარტს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ (TI) გამოაქვეყნა მცირე კვლევა, რომელიც ფინანსთა სამინისტროს 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის არასწორად დაანგარიშებასა და 82 მილიონი ლარის დაბრუნების ქვეანგარიშზე გაუმართლებლად განთავსებაში ამხელს. ამ კვლევის გამოქვეყნების შემდეგ კი სამინისტრომ საკუთარ ვებგვერდზე არსებული ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი ოთხჯერ შეცვალა. 

"კვლევის გამოქვეყნების შემდეგ სამინისტროს მინისტრი და მინისტრის მოადგილეები, ღია ეთერში თუ პირად საუბრებში, მოითხოვდნენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მიერ ამ ინფორმაციის შეცვლას და უარყოფას. თუმცა, ჩვენი კვლევის გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში ფინანსთა სამინისტრომ დეფიციტის 3 სხვადასხვა მონაცემი გამოაქვეყნა: 19 მარტს 3.2%-იანი დეფიციტი ჯერ 3%-მდე ჩამოვიდა, ხოლო 20 მარტს კვლავ 3.2%-ს დაუბრუნდა. დღეს კი ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის დეფიციტის კიდევ ახალი, რიგით მეოთხე მონაცემი განათავსა ვებგვერდზე, რომლის მიხედვითაც 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტი 2.95%-ს შეადგენს, რაც შეესაბამება ჩვენს მიერ დათვლილ ოდენობას. ყველაზე აბსურდული ამ სიტუაციაში ის არის, რომ ამ მომენტისათვის, ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე ერთდროულად განთავსებულია დეფიციტის ორი განსხვავებული მონაცემი: 2.95% და 3.2%. ასევე, განსხვავებაა მონაცემებში სამინისტროს ქართულენოვან და ინგლისურენოვან ვებგვერდებს შორის.

ამ ორი მონაცემის გაჩენას წინ უძღოდა ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადება დეფიციტის დათვლის ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიის არსებობის შესახებ. ფინანსთა სამინისტროს მიერ მეთოდოლოგიური ნიუანსების მოშველიება საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა, რადგან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მემორანდუმით შეთანხმებული მეთოდოლოგია სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის ყველა მიზნისთვის გამოიყენება. აბსურდულია იმის მტკიცება, რომ ფინანსთა სამინისტრო ბიუჯეტის დეფიციტს ორი სხვადასხვა მეთოდოლოგიით ითვლის, რომელთაგან ერთი საერთაშორისო პარტნიორებისთან შეთანხმებული მეთოდოლოგიით, ხოლო მეორე შიდა მოხმარებისთვის გამოიყენება.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ თუ ფინანსთა სამინისტრო სავალუტო ფონდის 2001 წლის სახელმწიფო ფინანსების სტატისტიკის სახელმძღვანელოზე მიუთითებს, ეს კიდევ უფრო მეტად აყენებს ეჭვქვეშ მათ განცხადებას, რადგან საქართველოს მთავრობა დაახლოებით 10 წელია ბიუჯეტის დეფიციტის გამოთვლის მიზნებისთვის ამ სახელმძღვანელოს სავალუტო ფონდის რეკომენდაციით აღარ იყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტრომ ამ მეთოდოლოგიის გამოყენება კვლავ დაიწყო, ამ მეთოდოლოგიის მიხედვით ბიუჯეტის დეფიციტი იქნებოდა არა 3.2%, როგორც სამინისტრო აცხადებს, არამედ – 2%-ზე ნაკლები.

მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაასწოროს დეფიციტის შესახებ საკუთარ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია და დატოვოს მხოლოდ ერთი რეალური მაჩვენებელი – 2.95%, რომლის სისწორეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან“ ერთად მსოფლიო ბანკიც ადასტურებს. ასევე, მნიშვნელოვანია, ფინანსთა სამინისტრომ საზოგადოებას განუმარტოს მის ვებგვერდზე 2014 წლის ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლის რამდენიმე დღის განმავლობაში სამჯერ შეცვლის მიზეზები. გარდა ამისა, პასუხგაუცემელი რჩება ჩვენი კითხვა იმაზე, თუ რატომ მოხდა დაბრუნების ქვეანგარიშზე უპრეცედენტოდ დიდი თანხის – 82 მილიონი ლარის შენახვა, მაშინ როდესაც ამ თანხის ეფექტურად განკარგვა შეიძლებოდა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", - ვკითხულობთ TI-ის განცხადებაში.

ქართული საგადასახადო სისტემა ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადების უკან დაბრუნების შესაძლებლობას იძლევა, რის გამოც არსებობს გადასახადების დაბრუნების ხაზინის ქვეანგარიში. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ცნობით, სწორედ ამ ანგარიშზე განთავსდა აუთვისებელი ბიუჯეტი, რითიც ბიუჯეტის შეუსრულებლობის დაფარვა მოხდა.

კომენტარები