GDI: ნათელია დისკრიმინაციული მიდგომა ივანე მერაბიშვილთან მიმართებით

Reuters

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" დღეს წარმოდგენილ ანგარიშში საუბარია ექსპრემიერ და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილის სისხლისსამართლებრივ საქმეებზე. აღსანიშნავია, რომ საქმეთა შესწავლის მიზანს წარმოადგენდა არა ბრალდებულ პირთა დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, არამედ სამართალწარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აჩენს პოლიტიკური მოტივაციის არსებობის ეჭვს. ანგარიშში განხილულია მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების პრობლემურობა, შერჩევითი სამართლის კონკრეტული მაგალითი 26 მაისისა და ე.წ. სოციალური აგენტების ეპიზოდებში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო ბრძანება, მერაბიშვილის დამკავებლის უფლებამოსილების საკითხი და მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან შესაძლო უკანონო გაყვანის გამოუძიებელი შემთხვევა.

ანგარიშის თანახმად, "ნათელია დისკრიმინაციული მიდგომა ივანე მერაბიშვილთან მიმართებით, რაც ლოგიკურად უკავშირდება როგორც მის წარსულ საქმიანობას, ისე ამჟამინდელ პოლიტიკურ სტატუსს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბერს მიღებული რეზოლუცია № 1900, რომლის თანახმად, პირის პოლიტიკურ პატიმრად მიჩნევის ერთ-ერთ კრიტერიუმს წარმოადგენს შემდეგი გარემოება - "თუ, პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით.“76 წაყენებული ბრალდებების სიმრავლე და მისი პატიმრობაში ყოფნის მიმართ არსებული მონდომება, მათ შორის, საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობასთან დაკავშირებული ინციდენტი; პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელიც ემსახურებოდა საზოგადოებაში განწყობის შექმნას; ასევე, მთავარი პროკურორის მხრიდან, სავარაუდოდ, განხორციელებული ზეწოლა, გონივრულობის ფარგლებში შეფასებისას, მიუთითებენ ივანე მერაბიშვილის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებაზე".

დოკუმენტში წერია, რომ ივანე მერაბიშვილის საქმეების განხილვისას, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მალხაზ გურულმა გამოსცა უკანონო ბრძანება საგამოძიებო კოლეგიის შემადგენლობაში საკუთარი თავის დანიშვნის შესახებ, რის შემდეგაც მან განიხილა ივანე მერაბიშვილისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ სააპელაციო საჩივარი და არ დააკმაყოფილა იგი. საქართველოს იმდროინდელი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან ივანე მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული სავარაუდო ზეწოლა და მისი ციხიდან უკანონოდ გაყვანის ფაქტი კი კვლავ გამოუძიებელია.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული "პოლიტიკური პატიმრის" დეფინიციის კრიტერიუმების საფუძველზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, ასევე, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების წინააღმდეგ წარმოებული სისხლისსამართლებრივი საქმეები შეისწავლა.

ანგარიშის სრულად ნახვა მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ.

კომენტარები