ავიაკატასტროფა

ოლანდი ავიაკატასტროფაზე: საეჭვოა, ვინმე ცოცხლად გადარჩენილიყო

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავიაკომპანია Germanwings-ის თვითმფრინავის ნამსხვრევები საფრანგეთის ალპებში, ორი ათასი მეტრის სიმაღლეზე აღმოაჩინეს. Airbus A320 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც რეისს ბარსელონიდან დიუსელდორფში ასრულებდა, 142 მგზავრი და ეკიპაჟის ექვსი წევრი იმყოფებოდა.

"ჯერჯერობით არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია. ვიცით, რომ განგაშის შეტყობინება თვითმფრინავიდან 10:47-ზე იქნა მიღებული და ის ამის შემდეგ ძალიან მალე ჩამოვარდა. სიგნალის დროს თვითმფრინავი უკვე სახიფათოდ დაბალ სიმაღლეზე იმყოფებოდა", - განაცხადა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ალენ ვიდალიეზმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, კატასტროფის ადგილისკენ ფრანგი მაშველები მიემართებიან. ფრანსუა ოლანდის თქმით, საეჭვოა, ბორტზე მყოფი ადამიანებიდან ვინმე გადარჩენილიყო. 

"კატასტროფა ძალზე ძნელად მისაწვდომ რაიონში მოხდა. მაშველების ადგილზე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება", - აღნიშნა ოლანდმა.

კატასტროფის გამო პარიზში ვიზიტი ესპანეთის მეფე ფილიპ მეექვსემ შეწყვიტა. ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ სამაშველო ოპერაციაში დახმარებას გერმანიისა და ესპანეთისგან ელის.

მგზავრების ნათესავები ესპანეთსა და გერმანიაში ავიაკომპანიისგან და სახელმწიფო ორგანოებისგან ინფორმაციია მიღებას ცდილობენ. საფრანგეთის შინაგანს საქმეთა სამინისტრო კი აცხადებს, რომ სამძებრო ოპერაცია შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს. ამ ავიაკატასტროფას უკვე უწოდეს ყველაზე ტრაგიკული საფრანგეთში ბოლო 40 წლის განმავლობაში.

კომპანია Lufthansa-მ, რომლის შვილობილი კომპანიაა Germanwings-ი, სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც თანაუგრძნობს მგზავრების ახლობლებს და ახალი ინფორმაციის მიწოდებას რაც შეიძლება მალე ჰპირდება. დღემდე Germanwings-ის ისტორიაში არცერთი უბედური შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 

კომენტარები