ე.წ. კაბელების საქმე

დოლიძე: ე.წ. კაბელების საქმე ივანიშვილის დაწყებულია

ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებს და კაბელების ე.წ. საქმეც ივანიშვილის დაწყებულია, - ამის შესახებ თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

„ეს საქმე თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის დაწყებულია და მარტო ობზერვაციის დონეზე არ ვამბობთ ამას და საიდან მოდის, როგორ, ვინ იყვნენ ჩართულები ამ საქმეში, თვითონ პროკურატურის თანამშრომლები და რატომ სხედან უდანაშაულო ხალხი ციხეში, არის გასარკვევი და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დასაყენებელი“, - განაცხადა დოლიძემ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამდებობის 5 პირი 4 მილიონზე ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ბრალდებით 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრომ საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანას შეეხებოდა. სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებმა კი კომპანია სილქნეტი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენეს და მომსახურებაში, რომელიც, პროკურატურის შეფასებით, 2 მილიონი ლარის ღირებულებისაა, სილქნეტმა 6 მილიონი ლარი მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების დაკავებას მაშინდელმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა, რასაც რამდენიმე დღეში მისი თანამდებობიდან გადაყენება მოჰყვა.

კომენტარები