პოლიტიზებული მართლმსაჯულება

დაიმონდი: გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ქართული მართლმსაჯულება პოლიტიზებულია

ტაბულა

სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის და დემოკრატიის მკვლევრის ლარი დაიმონდის განცხადებით, "არსებობს “prima facie” მტკიცებულება, რომელიც შეშფოთების საფუძველს ქმნის, გვაიძულებს, ვიფიქროთ, რომ საქართველოში მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი არ არის და ნაწილობრივ მაინც, პოლიტიკურად მოტივირებულია". ამის შესახებ დაიმონდმა ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში თქვა და აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ის პრობლემები, ბრალდებები და ფაქტები, რაც ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ძალაუფლების განხორციელებას უკავშირდება. მისივე თქმით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში, პროკურატურა და სასამართლო ნეიტრალური უნდა იყოს. დამონდის განცხადებითვე, თუ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება იმ პირების მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ ან ბიუროკრატიულ ძალაუფლებას ფლობდნენ წინამორბედი ხელისუფლების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებები ძალიან სერიოზული იყოს. 

"მე ჩემი ხედვა მაქვს, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი წინამორბედი, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ანგარიშვალდებულება სავარაუდო სამართალდარღვევებთან მიმართებით - მნიშვნელობა არ აქვს, მსოფლიოს რომელ კუთხეში. ეს ხედვა არ გულისხმობს იმას, რომ წინამორბედი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ არასოდეს უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა - ეს ასე არ არის. მაგრამ თუ დაიწყება, შემდეგი წესები უნდა იქნას დაცული:

პირველ რიგში, ეს უნდა მოხდეს კანონის უზენაესობის ფარგლებში. კანონის უზენაესობა კი მოითხოვს, რომ პროკურატურაც და სასამართლოც ნეიტრალური იყოს. მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულება ისე განხორციელდეს, რომ პროცესი არათუ ფაქტობრივად იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენისგან, არამედ აღქმაც არსებობდეს, რომ მართლმსაჯულება პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალია.

თუკი არსებობს აღქმაც კი იმისა, რომ სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესი და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესი პოლიტიზებულია, რომ პროკურორებს პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად იყენებენ, რომ ისეთი მოსამართლეების შერჩევა ხდება პოლიტიკური საქმეების გადასაწყვეტად, რომლებიც არსებული ხელისუფლების სურვილებისადმი კეთილგანწყობილნი არიან, ეს სერიოზულად შემაშფოთებელია კანონის უზენაესობის თვალსაზრისით.

მეორე წესი ისაა, რომ თუ სისხლისსამართლებრივი დევნა იწყება იმ პირების მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ ან ბიუროკრატიულ ძალაუფლებას ფლობდნენ წინამორბედი ხელისუფლების დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებები ძალიან სერიოზული იყოს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილებაც კი - რეალობას რომ თავი დავანებოთ - თითქოს სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურადაა მოტივირებული და რომ ხელისუფლება ეძებს ნებისმიერ საბაბს, რომელიც წინამორბედი მთავრობის და მმართველი პარტიის დასჯაში დაეხმარება", - განაცხადა ლარი დამონდმა და აღნიშნა, რომ "ამ კუთხით უნდა შევხედოთ ბრალდებებს და გადავწყვიტოთ, არის თუ არა ეს ბრალდებები საკმარისად სერიოზული იმისთვის, რომ უგულებელვყოთ მუდმივად გასათვალისწინებელი წუხილი, რომ პროცესი შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებულად ჩაითვალოს".

მისივე თქმით, ცალკე საკითხია წინასწარი პატიმრობის გამოყენება.

"მოკლედ, თქვენ თუ მეკითხებით, არსებობს თუ არა წუხილის საფუძველი - გეტყოდით, რომ დიახ, არსებობს “prima facie” მტკიცებულება, რომელიც შეშფოთების საფუძველს ქმნის, გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ საქართველოში მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი არ არის და ნაწილობრივ მაინც, პოლიტიკურად მოტივირებულია. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ეს ასეა, მაგრამ თუ ის ხდება, რასაც აღვწერ, მაშინ კანონის უზენაესობის ძალიან, ძალიან, მძიმე დარღვევასთან გვაქვს საქმე", - თქვა დაიმონდმა თეორემაში.

კომენტარები