საყოველთაო დაზღვევა

ჯანდაცვის სამინისტრო დაზღვევის განახლებულ მოდელზე მუშაობს

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, მთავრობა გეგმავს, რომ ის სერვისები, რომლებსაც მოქალაქეები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით იღებენ, უფრო მეტად მოვიდეს შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან.

"ძირითადი მედიკამენტები გახდება უკვე ბევრად მისაწვდომი მოსახლეობისთვის. დაიწყება სამი მძლავრი კლინიკის რეკონსტრუქცია - რესპუბლიკური საავადმყოფო, ონკოცენტრი და ხილიანის ბავშვთა ინფექციური, რომლის როგორც აღჭურვა, ასევე მართვა და მენეჯმენტი იქნება სწორედ ამ მოდელზე დაფუძნებული. სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობის რევიზია მოხდება, ეს არის მოქმედი 130-მილიონიანი ბიუჯეტი და მისი მორგება ახალ გამოწვევებზე, რათა უფრო მეტი რეალური შედეგი მიიღოს მოსახლეობამ", - თქვა სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე საყოველთაო დაზღვევის განახლებულ მოდელზე მუშაობს, რომელშიც სახელმწიფო და კერძო კლინიკები პარტნიორობის სპეციალურ მოდელში ითანამშრომლებენ. მინისტრი დავით სერგეენკო ამ ეტაპზე ახალი მოდელის დეტალებს არ აკონკრეტებს.

ჯანდაცვის საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია სამინისტროს კონსულტაციებს ჯანდაცვის სფეროში დანახარჯების შემცირებაშიც გაუწევს.

"ჩვენ სამინისტროს დავეხმარებით, ერთი მხრივ, მოსახლეობას მიაწოდოს ხარისხიანი სამედიცინო სერვისები, ხოლო მეორე მხრივ - ვიმუშავებთ ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაზე, რათა სახელმწიფოს დანახარჯები შეუმცირდეს. ამასთან ერთად, ხარჯების გამჭვირვალობის გაზრდისთვის ვიმუშავებთ", - განაცხადა GAHSC-ის ხელმძღვანელმა ჟან-ელი მალკინმა.

რეგიონის ქვეყნებიდან კომპანია საქართველოსა და უკრაინის ჯანდაცვის სფეროში მუშაობს.

კომენტარები