თანაინვესტირების ფონდი

ივანიშვილის ფონდი ივანიშვილის შენიშვნას არ იზიარებს

ტაბულა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში გასული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ფონდის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობას ეხებოდა, ბიძინა ივანიშვილისგან შენიშვნა მიიღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით თანაინვესტირების ფონდი განცხადებას ავრცელებს.

"ბოლო დროს მედიის საშუალებით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ფონდის ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბიძინა ივანიშვილმა შენიშვნა მისცა ფონდის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელობას აღნიშნული პროგრამებით სარგებლობის შესახებ გადაწყვეტილების მასთან შეუთანხმებლად მიღების გამო. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, საკუთარი სახსრებით დაფაროს სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში ფონდის მიერ მიღებული ყველა შეღავათი. შეღავათების დაფარვა მხოლოდ მისი კაპიტალით განხორციელდება, შესაბამისად, ეს თანხები არ დააწვება ტვირთად ფონდის სხვა ინვესტორებს და პარტნიორ კომპანიებს. ფონდის მმართველი კომპანია არ იზიარებს ხსენებულ შენიშვნას, რადგან მისი ხელმძღვანელობა, მანდატის შესაბამისად, ავტონომიურად იღებს ბიზნესთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას და არ აქვს ფონდის ინვესტორებთან მათი შეთანხმების ვალდებულება" - აცხადებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და აღნიშნავს, რომ აწარმოე საქართველოში კანონმდებლობასთან სრული შესაბამისობით მონაწილეობდა.

"ჩვენ ვთვლით, რომ სწორედ ხსენებული სახელმწიფო პროგრამები ხელს უწყობენ საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, რათა მან მაქსიმალურად გაუწიოს კონკურენცია მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ სუბსიდირებულ იმპორტს. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი დაარსების დღიდან საქართველოში ინვესტიციების მოზიდვასა და განხორციელებაზე აქტიურად მუშაობს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იყო და რჩება საქართველოში მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი და წარმატებული ორგანიზაციების დაარსება, რომლებმაც ფონდის პროექტებიდან გასვლის შემდეგაც უნდა შეძლონ წარმატებულად ოპერირება. მმართველი კომპანიის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ბიძინა ივანიშვილის ნათესავის უჩა მამაცაშვილისთვის ხელისუფლების მხრიდან ერთ ლარად გადაცემულ ქონებაზე იყო საუბარი. როგორც გადაცემაში ითქვა, საქართველოს სათბურის კორპორაციამ სათბურის ასაშენებლად სესხი ქართუ ბანკიდან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და სახელმწიფო პროგრამის აწარმოე საქართველოში ფარგლებში მიიღო.

კომენტარები