პოლიცია

ღარიბაშვილი: ფარისეველი ნაციონალური მოძრაობა ჩვენს გაკეთებულს ნუ მიიწერს

ტაბულა

საქართველოს მთავრობა მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს საცხოვრებელ ბინას შეუძენს. შესაბამისი პროცედურები გარდაცვლილი პოლიციელის დაკრძალვის შემდეგ დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, გარდაცვლილი პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გათანაბრდება. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზად არის და ის პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება. პრემიერი თვლის, რომ ეს ამ ხელისუფლების კანონპროექტია და ნაციონალურმა მოძრაობამ არ უნდა "მიიწეროს."

"როგორც ჩანს, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა შეიტყეს, რომ მზად არის კანონპროექტი, რომლითაც ჩვენ გვსურს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას და კრიმინალთან ბრძოლაში დაღუპული პოლიციელებისა და სამხედროების ოჯახების კომპენსაცია გავათანაბროთ. ნუ ეცდებიან ფარისევლები, მიიწერონ ის, რაც არ გაუკეთებიათ არასოდეს. მათ შეეძლოთ, 9 წლის განმავლობაში ეს გაეკეთებინათ, თუმცა არ გააკეთეს და ჩვენს გაკეთებულს ნუ მიიწერენ", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სამხედროების ოჯახებისთვის ერთჯერადად 100-ათასლარიანი კომპენსაციის დაწესება ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა იყო.

პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ შეღავათებზე, რომლებითაც პოლიციელები ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სარგებლობენ.

"მნიშვნელოვნად გავზარდეთ სოციალური დახმარება. თანამშრომლები იღებენ კომპენსაციას დაქორწინების, შვილის შეძენის და ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, რისთვისაც 2013-2014 წლებში 7 700 000 ლარი გამოვყავით. პოლიციელების და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო მკურნალობის ხარჯები პრაქტიკულად გაორმაგდა; ვუფინანსებთ საზღვარგარეთ მკურნალობას, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში 6 200 000 ლარი დაიხარჯა. იქამდე ამის ნახევარიც არ იყო. პატრულ-ინსპექტორებს და მესაზღვრეებს ხელფასები გაეზარდათ, დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი პოლიციელები - 4 შვილის შემთხვევაში - 250 ლარს, 5 და მეტი შვილის შემთხვევაში შესაბამისად - 375 და 500 ლარს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები