ენერგეტიკა

Royal Dutch Shell-ი ბრიტანულ BG-ის $70 მილიარდად ყიდულობს

Getty Images

The Wall Street journal-ის ცნობით ჰოლანდიური ენერგოგიგანტი Royal Dutch Shell-ი ბრიტანულ BG-ს იყიდის. 8 აპრილს BG-ის სამეთვალყურეო საბჭომ საბოლოოდ დაამტკიცა ჰოლანდიური კომპანიის მიერ BG-ის აქციების სრული პაკეტის შეძენის შეთავაზება, გარიგების მოცულობა $69.9 მილიარდს შეადგენს. ეს გარიგება ენერგეტიკის სფეროში გასული ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მსხვილი გარიგებაა, რომლის შედეგადაც Shell-სა და ბაზრის წამყვან მოთამაშეს ამერიკულ ExxonMobil-ს შორის მანძილი კიდევ უფრო შემცირდება.

BG ბუნებრივი აირის მომპოვებელი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც გასული წლების განმავლობაში მაღალი აღმავლობით გამოირჩეოდა. BG ბუნებრივ აირს მსოფლიოს 25 ქვეყანაში, მათ შორის - ყაზახეთში, ავსტრალიასა და ბრაზილიაში მოიპოვებს. კომპანია ბრაზილიაში ბუნებრივი აირის გამათხევადებელ ცენტრსაც აშენებს. გასულ წელს BG-ის წმინდა მოგებამ $6 მილიარდი შეადგინა. ანალიტიკოსების შეფასებით, Shell-ი ამ გარიგებით ბუნებრივი აირის წარმოების გაფართოებას გეგმავს, რასაც აქამდე წლების განმავლობაში ვერ ახერხებდა. BG დღეისათვის Shell-თან შედარებით ხუთჯერ მეტ ბუნებრივ აირს მოიპოვებს, გარიგების შედეგად კი Shell-ი თხევადი ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი გახდება.

გარიგების მიუხედავად, დღეს ჰოლანდიური Shell-ის აქციების ღირებულება ბაზარზე 3%-ით შემცირდა.

არსებობს ვარაუდი, რომ Shell-ისა და BG-ის გარიგების შედეგად ენერგეტიკის ბაზარზე კომპანაითა კონსოლიდაციის ახალი ტალღა დაიწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ მსხვილი კომპანიები საკუთარი წარმოების განვითარებისთვის შეისყიდიან უფრო მცირე და მოგებიან კომპანიებს, რათა ნავთობის ფასების შემცირებით გამოწვეული შემოსავლების კლება გარკვეულწილად დააბალანსონ.

კომენტარები