კახაბერ ნაკანი

ენმ ნაკანის სასჯელაღსრულების სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის კახაბერ ნაკანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებიდან სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანას მოითხოვს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნაკანზე ციხის ადმინისტრაციისა და კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება. ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მიზეზიც ახსნა, რატომ არ გაიარეს ენმ-ის წევრებმა რეგისტრაცია პლენარული სხდომის დროს. მისი განმარტებით, სხდომაზე პროცედურის დროს განცხადების გაკეთებას აპირებდა, რის შემდეგაც უმცირესობის დეპუტატები რეგისტრაციას გაივლიდნენ და პლენარული სხდომაც ჩატარდებოდა, ამის საშუალება კი პარლამენტის თავმჯდომარემ არ მისცა, რადგან ჯაფარიძემ ბიძინა ივანიშვილი ახსენა.

"მადლობა მედიასაშუალებებს, რომ აქ მაინც მეძლევა საშუალება გავაკეთო განცხადება, რის საშუალებაც არ მომეცა სხდომათა დარბაზში, რადგან პარლამენტის თავმჯდომარე უკვე ივანიშვილის გვარის გახსენებაზე მყისიერად უთიშავს მიკროფონებს საქართველოს პარლამენტის წევრებს. ჩვენი დღევანდელი პროტესტი უკავშირდება ერთადერთ ადამიანს, ეს არის კახა ნაკანი - პოლიციელი, სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც არის არაერთი უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელი. 90-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული ყველა ომის მონაწილეა. ის დღეს იმყოფება უკანონო პატიმრობაში.

კახა ნაკანი არის ივანიშვილის პირადი პატიმარი. მისი დღევანდელი პატიმრობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკურ მიზნებს. ის არა მხოლოდ იმყოფება უკანონო პატიმრობაში, არამედ კანონის დარღვევით იმყოფება სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში, სადაც მასზე მუდმივად ხორციელდება ზეწოლა, როგორც ციხის ადმინისტრაციის მხრიდან, ისე კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან. გვინდა, რომ ამას მიაქციოს ყურადღება საქართველოს პარლამენტმა. მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან და შესაბამისი კომიტეტისგან, დაინტერესდნენ ამ საკითხით და უმოკლეს ვადებში უზრუნველყონ კახა ნაკანის გადაყვანა სასჯელაღსრულების შესაბამის სპეციალურ დაწესებულებაში, მანამ, სანამ მოხდება მისი სრული გათავისუფლება", - თქვა ჯაფარიძემ.

კახაბერ ნაკანი ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზეა დაკავებული. მან გუშინ თვითმკვლელობა სცადა.

კომენტარები