დაპირისპირება გურჯაანში

გურჯაანის გამგეობაში გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტის კარი დალუქულია

რუსთავი 2

გურჯაანის გამგეობაში მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტის კარი დალუქულია. დეპუტატის სამუშაო ოთახის შესასვლელში ცოცხი და საპროტესტო პლაკატებია გამოკრული.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გურჯაანში გუშინ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას პრემიერმინისტრს აკისრებს. პარტიის წევრების თქმით, მაჟორიტარის ბიუროზე თავდასხმა თვითმმართველობის წევრებს კახეთის გუბერნატორმა დაავალა. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს იმ პირების სია წარმოადგინა, რომლებიც გუშინდელ დაპირისპირებაში მონაწილეობდნენ. მისი თქმით, ისინი მოქმედი მაღალჩინოსნები არიან.

"დავით ნიკოლაშვილი - ქონების მართვის სამსახურის უფროსი, დურმიშხან ამისულაშვილი - გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზაქრო ქაჩლიშვილი - საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ხაზიური - საკრებულოს ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, არჩილ გოგიაშვილი - გამგებლის მრჩეველი, მანანა ჯანჯიბუხაშვილი - გამგეობის სოციალური სამსახურის სპეციალისტი, დიმა არევაძე - გამგებლის წარმომადგენელი ქალაქ გურჯაანში, ბადრი მირველაშვილი - სოფელ ჩუმლაყის რწმუნებული, მიხეილ ფურცელაძე - საფეხბურთო სკოლა "ალაზნის" მენეჯერი, გიორგი დვალი - სპორტკომპლექსის თანამშრომელი, კონსტანტინე ბერიძიშვილი - საკრებულოს თავმჯდომარის ბიძაშვილი, დაცვის პოლიციის გუნდი, რომელიც ასევე ცდილობდა ჩვენს გამოდევნას მაჟორიტარი დეპუტატის ოფისიდან, მათ ხელმძღვანელობდა ლევან ცანკაშვილი, რომელიც ლექსო თამაზაშვილის მეგობარია", - თქვა ჯაფარიძემ.

გურჯაანის გამგებელი გივი გერგიძე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ გააკრა პლაკატები და ცოცხი გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტის კარზე.

გუშინ ფიზიკური დაპირისპირება გურჯაანის გამგეობაში მას შემდეგ დაიწყო, რაც ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარს, გიორგი ღვინიაშვილს კაბინეტის დაცლა მოსთხოვეს, რაზეც მან უარი თქვა. ამის გამო პოლიტიკურმა ოპონენტებმა მისი ძალით გაყვანა სცადეს და ოპოზიციას კვერცხებიც ესროლეს. ადგილზე სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო.

ცნობისთვის, გიორგი ღვინიაშვილის კაბინეტში გუშინ ოპოზიციის მიერ დაფუძნებულმა ანტიკორუფციულმა კომისიამ დაიწყო ფუნქციონირება. სწორედ ამას უკავშირებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებას შენობის დაცლასთან დაკავშირებით.

კომენტარები