ანტიკორუფციული კომისია

ISFED გურჯაანში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს გმობს

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნები გურჯაანის მუნიციპალიტეტში ბოლო დღეებში მომხდარ პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი დაპირისპირებისა და ანგარიშსწორების ფაქტებს გმობს. ორგანიზაცია თვლის, რომ მნიშვნელოვანია, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს მიეცეთ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა, დასაგმობია გამოხატვის ისეთი ფორმის არსებობა, რომელიც ძალადობრივია და ლახავს სხვა პირთა უფლებებს და თავისუფლებებს.

"არსებული დაპირისპირების შეწყვეტისა და სიტუაციის შესწავლის მიზნით, მოვუწოდებთ:

ხელისუფლებას, პოლიტიკური თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გავრცელებისგან, რომელიც კიდევ უფრო გაამწვავებს დაპირისპირებულ ძალებს შორის არსებულ დამოკიდებულებას და გამოიჩინონ მეტი ძალისხმევა მოქალქეთა უფლებების ეფექტურად დასაცავად.

სამართალდამცავ ორგანოებს, შეისწავლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე დაპირისპირების ფაქტები და დროულად მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;

პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და მოუწოდონ თავიანთ წევრებსა და აქტივისტებს, უარი თქვან პროტესტის ისეთი ფორმით გამოხატვისგან, რაც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და კანონს", - წერია განცხადებაში.

კომენტარები