გიგი უგულავას საქმე

უგულავას ადვოკატები საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალ კვირას მიმართავენ

ტაბულა

გიგი უგულავას ადვოკატები, დედაქალაქის ყოფილი მერის 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის დასრულებისა და ახალი ბრალის წარდგენის შემდეგ, ბრალდებულის კვლავ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლებენ. ბექა ბასილაიას განცხადებით, უგულავას პატიმრობის 9 თვიანი ვადა ვადა არათუ ამოიწურა, ის უკვე 1 თვეა იმყოფება უკანონო პატიმრობაში.

"ჩვენ მომავალი კვირის დასაწყისში შეგვაქვს საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც მოვითხოვთ, რომ ის მახინჯი პრაქტიკა რაც დღეს არსებობს, ამოძირკვულ იქნეს. ჩვენ მივიჩნევთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს იმ სარჩელს, რომელიც ცალსახად გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან. სამწუხაროა, რომ ეს გვიწევს, რადგან საერთო სასამართლოები არ ხელმძღვანელობენ იმ ნორმით, რომელიც მკაფიოდ ადგენს, რომ პირის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის ვადა 9 თვეს არ უნდა აღემატებოდეს", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბასილაიას თქმით "სარჩელი შეეხება იმას, რომ ხდება ადამიანის ხელოვნურად პატიმრობაში დატოვება, მაშინ, როდესაც პირი, დაპატიმრებამდელ ფაქტებზე იმყოფება 9 თვის მანძილზე პატიმრობაში, 9 თვეს რომ მოიხდის, ამის შემდგომ დაპატიმრებამდე არსებულ ნებისმიერ ფაქტზე წარდგენილ ბრალზე, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის მოთხოვნა არაკონსტიტუციურია... ამ ლოგიკით, რა ლოგიკასაც პროკურატურა და სასამართლო ავითარებს, ადამიანი შეიძლება ციხეში იმყოფებოდეს გამამტყუნებელი განაჩენის გარეშე მთელი ცხოვრება", - თქვა ბასილაიამ.

კომენტარები