სამთავრობო ცვლილებები

გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი თანამდებობას ტოვებს. მან გადაწყვეტილების მიზეზად ოჯახი დაასახელა. ხოკრიშვილის საგანგებო განცხადება გარემოს დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

"მოგახსენებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. ჩემი საქართველოში მუშაობის პერიოდში მთავრობის გუნდთან ერთად შევძელით სახელმწიფო პოლიტიკაში ძირეული ცვლილებების შეტანა. რეფორმების კუთხით პირველი და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგმულია. სასურველი შედეგების მიღწევას კვლავაც დიდი შრომა და ძალისხმევა დასჭირდება, პროცესი კი უკვე შეუქცევადია. ჩემთვის დიდი პატივია ამ გუნდში მუშაობა, მაგრამ არის მომენტები, როდესაც რთული არჩევანია გასაკეთებელი. ამ ეტაპზე პრინციპულად მნიშვნელოვანია, ვიყო ჩემს ოჯახთან, რომელიც ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ. აღნიშნული გადაწყვეტილება მაძლევს შესაძლებლობას, განვიხილო საინტერესო შემოთავაზებები, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო პროფესიული საქმიანობა და ვიცხოვრო ჩემს შვილთან ერთად. ცხადია, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ვესაუბრე მთავრობის მეთაურს და მადლობელი ვარ, რომ მან ჩემი პოზიცია გაიზიარა. მადლობა მინდა გადავუხადო, ასევე, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რომელიც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას მოხდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს ჰყავს ძლიერი გუნდი, რომელიც შეძლებს გააგრძელოს სწორი პოლიტიკა, სიახლეების ინტეგრაცია და გაუმკლავდეს გამოწვევებს, რაც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის მუდმივი თანმხლები პროცესია", - ნათქვამია ხოკრიშვილის განცხადებაში.
 

ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრის თანამდებობას 2014 წლის ივნისიდან იკავებდა. ამ პოსტზე მან ხათუნა გოგალაძე შეცვალა. 2014 წლის აპრილიდან ივნისამდე კი, ხოკრიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო.

ბოლო ერთ კვირაში ელგუჯა ხოკრიშვილი უკვე მეორე მინისტრია, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. მანამდე დავით შავლიაშვილმა ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯამში, ხოკრიშვილი რიგით მეექვსე მინისტრია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას დატოვებს. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, იმ შემთხევაში, თუ 7 მინისტრი შეიცვლება, პარლამენტმა მთავრობას ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გარემოს დაცვის მინისტრამდე მთავრობაში თავდაცვის, საგარეო საქმეთა, ევროინტეგრაციის, შინაგან საქმეთა და ინფრასტრუქტურის უწყების ხელმძღვანელები შეიცვალნენ.

კომენტარები