სამთავრობო ცვლილებები

თავდაცვის მინისტრად ღარიბაშვილმა თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინა

საქართველოს პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრად პარლამენტარ თინა ხიდაშელის კანდიდატურა დაასახელა. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, მინდია ჯანელიძე კვლავ სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას დაუბრუნდება.

"მოგეხსნებათ, რომ ჩვენ ვართ კოალიციური მთავრობა და მე ბუნებრივია, მქონდა კონსულტაციები კოალიციაში და მე მივიღე გადაწყვეტილება, კოალიციასთან შეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ მოხდეს კიდევ ერთი ცვლილება მთავრობაში. ქალბატონი თინა დღეიდან, ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, გერმანიის, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ, იქნება მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. მას ნამუშევარი აქვს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე, უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი საქმიანობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ნაყოფიერად გააგრძელებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ "ყველა ეს ცვლილება არის მთავრობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული". 

პრემიერის მოვალეობის შემსრულებელმა პრეზიდენტს და პარლამენტს მოუწოდა, მაქსიმალურად დაჩქარდეს მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურები.

"ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე ვუპასუხოთ პარლამენტარების შეკითხვებს და საკანონმდებლო ორგანოში წარვადგინოთ განახლებული სამთავრობო პროგრამა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 2001 წელს სოჭში, ქართულ-აფხაზურ კონფერენციაზე - "სტაბილურობის პაქტი კავკასიაში და სამშვიდოპო პროცესის სტრატეგია", თინა ხიდაშელი აცხადებდა, რომ "აფხაზები, ალბათ თავად გადაწყვეტენ, როგორ და ვისთან ურჩევნიათ ყოფნა. რუსული ორიენტაციით, ქართული თუ რამე სხვა ორიენტაციით". ისვე ამბობდა, "არ ვგულისხმობ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია".

"მე ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ცხოვრებას და არ ვაპირებ არსად წასვლას. მაგრამ მინდა, ვიბრძოლო იმისთვის, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ საქართველოში, როგორშიც მე მინდა, რომ იცხოვრონ. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. ვიმეორებ, აფხაზეთით თუ აფხაზეთს გარეშე - ეს ჩემთვის ყველაზე მცირე პრობლემაა. და მჯერა, მაშინ კონფლიქტი გადაწყდება. არ ვიცი, როგორ გადაწყდება, ვიცხოვრებთ სხვადასხვა ქვეყნებში თუ არა, მაგრამ აფხაზები, ალბათ თავად გადაწყვეტენ, როგორ და ვისთან ურჩევნიათ ყოფნა. რუსული ორიენტაციით, ქართული თუ რამე სხვა ორიენტაციით..." - თქვა თავისი გამოსვლისას ხიდაშელმა. 

სეპარატისტული აფხაზეთის წარმომადგენელმა ბათალ კობახიამ ხიდაშელს უთხრა, რომ "ჩვენ სულ ვსაუბრობთ საქართველოზე და არასოდეს აფხაზეთზე. იმიტომ, რომ როდესაც აფხაზეთზე საუბრობთ, მას საქართველოს ნაწილად მიიჩნევთ, ამიტომაც ვსაუბრობთ მხოლოდ საქართველოზე". რაზეც ხიდაშელმა უპასუხა, რომ "ბათალ, არ ვგულისხმობ, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია".

კომენტარები