საქართველოს ეკონომიკა

აპრილში ტურისტთა რაოდენობის ზრდის ტემპი 20-ჯერ შემცირდა

გიგანტური ველოსიპედი თბილისის ცენტრში
REUTERS

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, აპრილში საქართველოში 394 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა. აპრილში ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპმა 0.4% შეადგინა, რაც წინა წლის აპრილის ტურისტული ნაკადის ზრდის ტემპთან, 7.8%-თან შედარებით, 19.5-ჯერ ნაკლებია.

2015 წლის განმავლობაში პირველ ოთხ თვეში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 1.38 მილიონი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მონაცემებთან შედარებით, 1.7%-ით ნაკლებია. 

ტურიზმი გასული წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალი ზრდით გამოირჩეოდა: 2010 წელს შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა, 2011 წელს ზრდამ 39% შეადგინა, 2012 წელს - 57%, 2013 წელს - 22%, ხოლო 2014 წელს ზრდის ტემპი 12-ჯერ შენელდა და მხოლოდ 1.8% შეადგინა. 2015 წლიდან კი ტურისტების რაოდენობამ შემცირება დაიწყო. 

ქვეყნების მიხედვით საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა კი ასე გამოიყურება:

1) აზერბაიჯანი 373 ათასი ვიზიტორი

2) თურქეთი 365 ათასი ვიზიტორი

3) სომხეთი 325 ათასი ვიზიტორი

4) რუსეთი 181 ათასი ვიზიტორი

5) უკრაინია 32 ათასი ვიზიტორი

ტურიზმი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, მასზე ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6-7% მოდის. ამასთანავე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი სავალუტო შემოდინების მნიშვნელოვანი წყაროა. მთავრობა ლარის დასტაბილურებას ზაფხულში ტურისტული ნაკადის ზრდას უკავშირებს. 

ტურიზმის შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთ მიზეზს საქართველოს მეზობელ და რეგიონის ქვეყნებში გაუარესებული ეკონომიკური ვითარება წარმოადგენს, რის გამოც, წინა წლებთან შედარებით, რუსეთის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დასვენებაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ. ხოლო მეორე ძირითად მიზეზს საქართველოს მხრიდან ახალი სავიზო რეგულაციების დაწესება წარმოადგენს, რის გამოც ამ ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვნად გაურთულდათ. მათ შორის არის ირანი, საიდანაც გასული წლის პირველ კვარტალში 11 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო წელს მათი რაოდენობა 3 ათასს შეადგენს. 

ტურიზმის შემცირება ეკონომიკის მრავალი სექტორის შემცირებაზე აისახება. ყველაზე აშკარად ეს შემცირება სასტუმროებისა და რესტორნების სექტორსა და ტრანსპორტის სექტორზე აისახება. მთავრობა ეროვნული ვალუტის გამყარებას ტურისტული სეზონის დაწყების დროს ვარაუდობს, თუმცა, თუკი ზაფხულის სეზონზე ტურიზმი მნიშვნელოვნად არ გაიზარდა, ლარის გამყარებისთვის სათანადო წინაპირობა ვერ შეიქმნება.

კომენტარები