სამთავრობო ცვლილებები

მთავრობა პრეზიდენტს სთხოვს, განახლებული შემადგენლობა 8 მაისამდე წარადგინოს

მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ სთხოვს, მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა პარლამენტს ერთკვირიანი ვადის ამოწურვამდე წარუდგინოს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მომავალ კვირაში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებულ გარემოებებს გაითვალისწინებს.

"ძალიან ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი. მთავრობა აგრძელებს მუშაობას, მაგრამ, რა თქმა უნდა, იქმნება გარკვეული ტექნიკური სირთულეები. მაგალითად, ახლა ოთხი მინისტრი – იუსტიციის, საგარეო საქმეთა, შს მინისტრები და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმყოფებიან ვიზიტებით, მაგრამ მათ მოუწიათ გრაფიკის შეცვლა. ვიზიტების ნაწილი სხვა მინისტრებმა გადადეს შემდეგი კვირისთვის. 9 მაისს, მოგეხსენებათ, დაგეგმილია საზეიმო ღონისძიებები ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით. ასევე 9 მაისს ჩამოდის EBRD-ის პრეზიდენტი, 10 მაისს კი, ამ ფორუმთან დაკავშირებული ღონისძიებების აქტიურ ფაზაში შესვლაა დაგეგმილი. ასევე ჩანიშნულია სხვა ღონისძიებები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ამ გარემოებებს და შესაძლებელი გახდება პრეზიდენტის მხრიდან ამ ვადის გასვლამდე მთავრობის განახლებული შემადგენლობის პარლამენტისთვის გადაგზავნა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პარლამენტი მზად არის, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას როგორც საკომიტეტო, ისე პლენარული სესიის ფორმატში 7 და 8 მაისს მოუსმინოს.

პრეზიდენტს პარლამენტისთვის მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენის ვადა 8 მაისს ეწურება.

კომენტარები