საქართველო-აშშ

ღარიბაშვილი აშშ-ის მხრიდან თავისუფალი ვაჭრობის შემოთავაზების ფაქტს უარყოფს

ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, რომ საუბრები აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების შესახებ წინა ხელისუფლების „სპეკულაცია" იყო, რომელმაც აშშ-ის მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. კითხვა აშშ-სთან ხელშეკრულების შესახებ პრემიერს პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა დაუსვა.

„მე პირადად, როცა შევხვდი აშშ-ის პრეზიდენტს და როცა მქონდა შეხვედრა სავაჭრო წარმომადგენლებთან, პირადად მათგან მოვისმინე, რომ ყველაზე დიდი უხერხულობა, რაც თქვენმა ბელადმა სააკაშვილმა შეუქმნა ამერიკის მთავრობას, სწორედ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებულ სპეკულაციებს უკავშირდებოდა. როდესაც მან მისცა ინტერვიუ იოლ სტრიტ ჯორნალს და თქვა, რომ ამერიკის მთავრობას თითქოს ჰქონდა მზაობა აღნიშნული სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების. ეს არის აბსურდი, ეს არის სასაცილო უბრალოდ. ეს არის დაცინვა და შეურაცხყოფა ჩვენი მოსახლეობის", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რომელმა ჭკუათმყოფელმა შეიძლება დაიჯეროს, რომე აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ აიღო ვალდებულება? ამ ზღაპრებს სად კითხულობთ?" - მიმართა პრემიერმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

განცხადება საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების შესაძლო გაფორმების თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2012 წლის 30 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. „ჩვენ შევთანხმდით მაღალი დონის დიალოგზე ორ ქვეყანას შორის იმის თაობაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ სავაჭრო ურთიერთობები, მათ შორის, შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების კუთხით", – განაცხადა ბარაკ ობამამ.

ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენაზე ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ბარაკ ობამასთან ამ შეხვედრის სანაცვლოდ მაშინდელმა ხელისუფლებამ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე თანხმობის ვალდებულება აიღო.

„პირადი შეხვედრის სანაცვლოდ თქვენ ასეთი შანსი გაუშვით ხელიდან, გაცილებით მეტი მოგეთხოვათ რუსეთისგან, მოგეთხოვათ ძალიან ბევრი რამ... თქვენ კი სანაცვლოდ სააკაშვილის ვაშინგტონში ვიზიტი მოითხოვეთ", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ში ტექნიკური ჯგუფის შეხვედრა დასრულდა, რომელზეც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი აშშ-სთან საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა იყო და ამ საკითზე მოლაპარაკებები დაიწყება. „მაღალი დონის დიალოგის ოქმში თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის შესახებ არის აღნიშნული. ივნისის ბოლოს აშშ-ში თავად მივდივარ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები