ქართულ-ამერიკული წვრთნები

ვაზიანში მანევრები NOBLE PARTNER 2015 გაიხსნა

ღირსეული პარტნიორი 2015 - ქართულ-ამერიკული სამხედრო მანევრები ამ სახელწოდებით დღეს ვაზიანში გაიხსნა. წვრთნებში მონაწილეობას 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მიიღებს. მანევრების მიზანი NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალებში ქართული და ამერიკული კონტინგენტების თავსებადობის ზრდაა. მანევრები ამერიკელ მედესანტეთა საჩვენებელი დესანტირებით დაიწყო.

მანევრების გახსნის ცერემონიაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა წვლილს, რომელიც საქართველოს შეაქვს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. მისივე თქმით, "დღევანდელი სწავლება არ არის მიმართული რაიმე კონკრეტული საფრთხის წინააღმდეგ".

ღირსეული პარტნიორი 2015 უპრეცედენტო მანევრებია როგორც საქართველოს, ასევე NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ისტორიაში. პირველად საქართველოში მანევრებში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა ჩამოვიდა - 14 ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ლოგისტიკური უზრუნველყოფის მანქანები. NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების ქვედანაყოფებიდან, რომლებიც ამჟამად როტაციის პრინციპით გერმანიაშია განლაგებული, მანევრებში 300 ამერიკელი მედესანტე და ქვეითი მონაწილეობს. ამერიკული სამხედრო ტექნიკის ტრანსპორტირება ბულგარეთის პორტ ვარნიდან ბათუმამდე გემით პირველად განხორციელდა. 

"წვრთნები ღირსეული პარტნიორი არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ორი სახელმწიფოს თანამშრომლობა გრძელდება. ეს არის მრავალი წლის ერთობლივი მუშაობის შედეგი. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ დღეს პირველად საქართველოში ქვეყნებში ბრედლის ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანები იღებენ მონაწილეობას. ეს არის დიდი ნაბიჯი წვრთნებისთვის და ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი შესაძლებლობების უწყვეტად განვითარებისთვის", - განაცხადა ბრიგადის გენერალმა მარკ ლოუბენმა.

შესაძლოა თუ არა, ახალმა ქართულ-ამერიკულმა სამხედრო მანევრებმა რუსეთი გააღიზიანოს? პრემიერმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. 

"არ მინდა ვისაუბრო სხვა ქვეყნებზე... ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი სამხედროებისთვის, პირველად შემოვიდა ტექნიკა და ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე", - თქვა პრემიერმა.

"რუსეთი გაღიზიანებულია იმით, რომ საქართველო საერთოდ არსებობს. ამიტომ ეს ფურცელი უკვე უნდა დავხუროთ, ეს უკვე მოცემულობაა, გავიგეთ. პირველი შემთხვევაა, რომ ასეთი მასშტაბური წვრთნებია, ამდენი ამერიკელი სამხედრო იმყოფება ქართულ მიწაზე და ჩვენს ჯარისკაცებთან ერთად, ორი კვირის მანძილზე ივარჯიშებს. ეს წვრთნა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ პარტნიორი გვყავს, არამედ უზარმაზარი გულშემატკივარი და მეგობარი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

სწავლება სამ ფაზად განხორციელდება - თეორიული მომზადება, საცეცხლე მომზადება და ტაქტიკური სწავლებები. ღირსეული პარტნიორი 2015 25 მაისამდე გაგრძელდება. 2013 წელს საქართველომ ვალდებულება აიღო, NATO-ს წარაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში ერთი ასეული გამოყოს.

NATO-ს სწრაფი რეაგირების ძალების შემადგენლობაში შემავალი ამერიკული ქვედანაყოფებისა და მძიმე ტექნიკის საქართველოში გადმოსროლა აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე მანევრების და NATO-ს სამხედრო გადაადგილებების პარალელურად მოხდა. გასულ წელს, უკრაინის კრიზისზე პასუხად, ალიანსმა პერმანენტული წვრთნები ბალტიის ქვეყნებში დაიწყო, სადაც როტაციის პრინციპით NATO-ს ქვეყნების მძიმე ტექნიკა იმყოფება.

როგორც საქართველოს ხელისუფლების, ასევე ამერიკული სარდლობის წარმომადგენლები მანევრების რაიმე პოლიტიკურ დატვირთვაზე საუბარს თავს არიდებენ. ამავე დროს, ნათელია, რომ ამერიკელი სამხედროები საქართველოში ახალი მარშრუტით და ახალი მისიით რუსეთის მიერ სამხედრო ძალის ახალი დემონსტრირების ფონზე ჩამოვიდნენ. 

კომენტარები