NDI-ის კვლევა

რუხაძე: საგარეო მიმართულებით მთავრობის პოლიტიკა არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს

ტაბულა

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის გიორგი რუხაძის შეფასებით, NDI-ის კვლევის თანახმად, საგარეო ფაქტორებთან დაკავშირებით, "პანიკის საფუძველი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ ეს ყველაფერი შემაშფოთებელია". როგორც რუხაძემ ტაბულას ეთერში, გადაცემა თეორემაში აღნიშნა, NDI-ის კვლევით ევროკავშირის და NATO-ს მხარდაჭერაც შემცირებულია. 

"ეს პირდაპირ მიანიშნებს, რომ მონაცემი ევრაზიულ კავშირზე სიმართლესთან ახლოს არის. აუცილებლად უნდა დაველოდოთ პარტიულ რეიტინგებსაც. თუ წინა კვლევასთან შედარებით, პრორუსული და ე.წ ნეიტრალური პარტიების რეიტინგი გაზრდილი იქნება, ეს კიდევ გაამყარებს იმ აზრს, რომ ამ მიმართულებით ევრაზიული კავშირის პოპულარობა იზრდება" - განაცხადა რუხაძემ და აღნიშნა, რომ მთავარი არის ხელისუფლების პოლიტიკის ეფექტიანობა საგარეო მიმართულებით.

"საბოლოო ჯამში, ის უარყოფითი გზავნილები, რომელსაც ვიღებთ, ასოცირდება იმასთან თუ რამდენად ახლოს და რა ტემპით მიდის საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკა არ იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს და ბუნებრივია, ეს მოქმედებს იმაზე, რომ ადამიანები ეძებენ ალტერნატივას და სხვა ალტერნატივა რეალურად არ არსებობს. წინა ხელისუფლება იბრძოდა ორლესური მახვილით, ცალი მახვილით ის მიიწევდა და პოპულარიზაციას უწევდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მახვილის მეორე ნაწილით კი, ებრძოდა რუსეთს. დღევანდელი ხელისუფლება დეკლარირებულად და ნაწილობრივად კი მიიწევს ევროკავშირისკენ, მაგრამ მეორე ნაწილი ამ მახვილს აღარ გააჩნია, ის არ ებრძვის რუსეთს და შესაბამისად, იმ ნიშას, რომელიც რჩება, იკავებს ბუნებრივ მდგომარეობაში რუსეთი. ასევე, თუ მიმდინარეობს კამპანია ევროკავშირის და ნატოს სასარგებლოდ, არ მიმდინარეობს კამპანია ევრაზიული კავშირის წინააღმდეგ. ევრაზიული კავშირის არსი საქართველოს მოსახლეობამ ჯერ ბოლომდე არ იცის, რა არის. სახელმწიფომ უნდა მიაწოდოს ისე, რომ ეს არის ბოროტების იმპერიის ახალი ვარიანტი. საბჭოთა კავშირი თუ იყო ბოროტების იმპერია, იგივე ტიპის ბოროტების იმპერიაა ევრაზიული კავშირი, სსრკ-ის რეინკარნაციის მცდელობაა, ანუ თვალებში უნდა ჩავხედოთ ევრაზიის კავშირის მომხრე 31%-ს და ვკითხოთ - უნდათ საქართველო იყოს ამ ახალი ბოროტების იმპერიის ნაწილი?" - განაცხადა რუხაძემ.

გადაცემის წამყვანმა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს შეახსენა, რომ ევრაზიულ კავშირს უფრო თანაუგრძნობენ კახეთში, გლეხები, ვინც ღვინის ექსპორტს ეწევა. კითხვაზე, ამ მიმართულებით უარყოფოთი როლი ხომ არ ითამაშა რუსეთის ბაზრის გახსნამ? რუხაძე პასუხობს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საკმაოდ დიდი ხანია, რაც დაიწყო, თუმცა, ხელშესახები სიკეთე ადამიანის ჯიბეებისთვის არ მოუტანია.

"კახეთის რეგიონი მარტივად ხედავს, რომ თუ გაფართოვდება რუსეთის ბაზარი, ის ძალიან ადვილად მიიღებს მატერიალურ სიკეთეს. უარყოფითი გზავნილები, ის სიკეთეები, რომლებიც ჯერ მოსახლეობისთვის არ არსებობს და ნიჰილიზმის ნაწილიც იწვევს ერთგვარ ზრდის დინამიკას ევრაზიული კავშირის მიმართულებით" - აღნიშნა რუხაძემ. 

მისივე თქმით, პრორუსული ორგანიზაციები რუსეთის აქტიური დაფინანსებით თავისუფლად საქმიანობენ ქართულ საზოგადოებრივ სივრცეში და თუ დასავლეთი წესების დაცვით იძლევა დაფინანსებას და მხარდაჭერას, რუსეთი ამას წესების გარეშეც თავისუფლად აკეთებს.

"სპეცსამსახურები კი, რომლებიც ძალიან ყურადღებით უნდა ადევნებდნენ მათ თვალს, ნაკლებად ეფექტურად მუშაობენ" - თქვა რუხაძემ და დასძინა, რომ რუსეთი ორგანიზაციების საშუალებით ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც ცდილობს გავლენის მოპოვებას, თუმცა, ამის წინააღმდეგ სახელმწიფო სერიოზულად არის ჩართული.

"საკანონმდებლო დონეზე ახდენს შეზღუდვებს. არალეგალური დაფინანსება ბევრად უფრო მკაცრად არის რეგულირებული. ბალტიისპირეთში საბჭოთა სიმბოლიკაც აკრძალულია, ლუსტრაციის კანონიც იყო და შესაბამისად, იმ ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან პრორუსებს, აქვთ საკანონმდებლო მხარდაჭერაც, რაც საქართველოში არ არის" - განმარტა გიორგი რუხაძემ.

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ევრაზიის კავშირში გაწევრიანება გამოკითხულთა 31%-ს სურს.

კომენტარები